LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმუშევართა რაოდენობა 48.3 ათასი ადამიანით შემცირდა – რამდენით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა მთავრობის ანგარიშის მიხედვით

140
ხალხი

2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე აისახა. ამის შესახებ მთავრობის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშშია ასახული, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

მთავრობის ცნობით, 2022 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით, 3.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ისტორიული მინიმუმს − 17.3%-ს გაუტოლდა.

„უმუშევართა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 48.3 ათასი ადამიანით შემცირდა და 267.9 ათასი შეადგინა. დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს მნიშვნელოვნად − 66.3 ათასით გაიზარდა და 1,283.7 ათასი შეადგინა. 2022 წელს დასაქმების დონე 42.9%-ს გაუტოლდა, რაც, წინა წელთან შედარებით, 2.5 პროცენტული პუნქტით ზრდაა. პანდემიის შემდგომ, 2021 წლის მესამე კვარტალიდან, სტაბილურად ფიქსირდება დასაქმების ზრდა, ხოლო 2022 წლის მესამე და მეოთხე კვარტალებში დასაქმებულთა რაოდენობამ გადააჭარბა პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელსაც (შესაბამისად, 47.4 და 28.3 ათასით). დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა განპირობებული იყო როგორც დაქირავებით დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების რაოდენობის ზრდით. მთავრობის ცნობით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შედეგად, 2022 წელს 12 645 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა, მათ შორის 8811 პირი სოციალურად დაუცველია. “2023 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით − 3 815 დასაქმდა, საიდანაც 3600 სოციალურად დაუცველი მოსარგებლეა.

პროფესიული გადამზადება 609 პირმა აირჩია. ხელფასის სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში, 2022 წელს ჩაერთო 6 დამსაქმებელი და 6 შშმ სამუშაოს მაძიებელი. შემოსავლების სამსახურთან მოსარგებლეთა მთლიანი ბაზის შედარების შედეგად აღმოჩნდა, რომ ღია შრომის ბაზარზე დასაქმებულია – 3 684 მოსარგებლე. მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსების ფარგლებში, 2022 წელს სწავლა 1313-მა მოსარგებლემ დაასრულა, ხოლო 2023 წელს პირველ კვარტალში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების კომპონენტში 33 მიმწოდებელი ჩაერთო. სწავლების პროცესში ჩაერთო 563 სამუშაოს მაძიებელი. ამასთან, სტაჟირების კომპონენტში 2022 წელს ჩაერთო 24 დამსაქმებელი და 283 სტაჟიორი, მათ შორის, 12 შშმ პირი. აღნიშნულის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, დასაქმებულია – 151 სამუშაოს მაძიებელი. საშუამავლო მომსახურების ფარგლებში 2022 წელს დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ 10 017 თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულია 671 სამუშაოს მაძიებელი. 2023 წლის პირველ კვარტალში დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ 2716 თავისუფალ სამუშაო ადგილზე ვაკანსიების ფარგლებში შეირჩა და დამსაქმებლებთან გაიგზავნა 295 სამუშაოს მაძიებელი. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმდა 32 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი პირი”, – ნათქვამია ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები