„კვირის პალიტრა“ აქვეყნებს ინტერვიუს ნანი ბრეგვაძესთან, სადაც ის სოფიკო ჭიაურელთან დამოკიდებულების შესახებ ჰყვება:
„სოფიკოს შინაგანი სამყარო შიგნით ვერ იტევდა ამდენს. არაჩვეულებრივი პიროვნება, იმდენად, რომ ვინც კი დავრჩით მისი მეგობრები, სულ ვიხსენებთ. ყველასთან პირველი იყო, კარგი რამ პირველად მას უნდა გაეკეთებინა.
მე რომ დედა გარდამეცვალა, ძალიან ცუდად ვიყავი, იმდენად მოვეშვი, აღარც კონცერტები, აღარაფერი მინდოდა… დიდი დრო გავიდა, მაშინ უკვე სოფიკო და გიორგი ერთად აღარ იყვნენ, სოფიკო და კოტე მოვიდნენ ჩემთან და უნდა გენახათ, სოფიკო როგორ შემოვიდა, – აბა, ახლა აეთრიე ამ სკამიდან და შენი ცხოვრება დაიწყეო…
ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამომიყვანა სიტუაციიდან, არასოდეს დამავიწყდება! ცხოვრებისკენ შემომაბრუნა, გეუბნებით და ახლაც სულ გამაჟრიალა, თან ცრემლები მახრჩობს, სოფიკოზე სხვანაირად საუბარი არ შემიძლია.
სოფიკოს ამქვეყნად არყოფნას ვერაფრით ვეჩვევით. სოფიკო ჩემი ცხოვრებიდან არ წასულა! არც არავის ცხოვრებიდან… კიდევ კარგი, რომ დარჩა მისი ასეთი გენიალური ფილმები, თითქოს აგერ ჩვენთანაა“.