LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საზოგადოებას უთხრეს საოცარი ტყუილი, რომ პაციენტს „სცემდნენ“, „გაფუჭებული“ აპარატით ასუნთქებდნენ“ – რესპუბლიკური საავადმყოფო გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

372
რესპუბლიკური

რესპუბლიკური საავადმყოფო გარდაცვლილი ფეხბურთელის, 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის საქმესთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„აკად. ყიფშიძის სახ . ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმთა განცხადება

პირველ რიგში, გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ექიმები, ექთნები, რეზიდენტები, სტუდენტი მედიკოსები საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ემსახურნენ ქვეყანას, ადამიანებს, ებრძოდნენ უდიდეს გამოწვევას კაცობრიობის ისტორიაში, პანდემიას, რომელმაც დატოვა რვა მილიონი მსხვერპლი დედამიწაზე, ასიათასობით ახალგაზრდა ასაკის გარდაცვლილი და 17000 დაღუპული საქართველოში, მათ შორის ჩვენი კოლეგებიც, საზოგადოებისთვის ცნობილი თუ უცნობი ექიმები და ექთნები, რომლებიც სწორედ ავადმყოფებთან მუშაობის პროცესში დაინფიცირდნენ.

COVID-19 ვირუსი, განსაკუთრებით მისი დელტა შტამი , ყველაზე მძიმე და დაუნდობელი ტალღა პანდემიაში, ასაკის განურჩევლად (!) იწვევდა უმძიმეს პროცესებს ორგანიზმში , ე.წ. ციტოკინურ შტორმებს , და საბოლოოდ ორგანოთა უმართავ და შეუქცევად დაზიანებას.

ამ ტალღას ემსხვერპლა პაციენტი ვახტანგ ჩარკვიანი, რაც მაშინ უმძიმესი განცდების და ემოციების მიზეზი გახდა ყველა მედიკოსისთვის.

მოცემული შემთხვევა ორჯერ შეისწავლა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ არაერთი , სხვადასხვა სპეციალისტის მონაწილეობით, რომელთა დასკვნის თანახმად „პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაკავშირებული იყო დაავადების მძიმე მიმდინარეობასთან და არა რომელიმე სამედიცინო მანიპულაციასთან ან მედიკამენტის გამოყენებასთან“.

პაციენტი სასტუმროს, თერაპიის და „ემერჯენსის“ განყოფილებებში ჩატარებული სრული მკურნალობის მიუხედავად დამძიმდა და უმძიმეს მდგომარეობაში მოხვდა რეანიმაციის განყოფილებაში. დასკვნის თანახმად: „ჩატარებული მკურნალობა შეიძლება შეფასდეს როგორც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მართული შემთხვევა, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებაში ჩატარებული დიაგნოსტიკურ – სამკურნალო ღონისძიებები წარმართულია დროულად, სწორად, ჯეროვნად, სტანდარტების შესაბამისად და პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით, „პაციენტ ჩარკვიანის მდგომარეობის უმართავი გაუარესება, რამაც გამოიწვია სიკვდილი, დაკავშირებული იყო დაავადების უკიდურესად აგრესიულ მიმდინარეობასთან , მძიმე რესპირაციულ დისტრეს-სინდრომთან, ფილტვის შეუქცევად დაზიანებასთან .

დაავადების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე ოჯახის წევრებს ჰქონდათ წვდომა სრულ დოკუმენტაციასთან და არაერთხელ იქნა შეთავაზებული მისი გამოყენება ალტერნატიული აზრის მისაღებად ან სურვილის შემთხვევაში პაციენტის სხვა კლინიკებში გადასაყვანად.

პაციენტის მკურნალობაში მონაწილეობდა სხვადასხვა სპეციალობის ექიმთა გუნდი, ავტორიტეტული და საიმედო სპეციალისტების ჩართულობით. დროულად, აბსოლუტური ჩვენებით მობილიზებული იყო ეკმო-ჯგუფები და აპარატურა , რომ (საქართველოში სულ 2 პაციენტთან გამოყენებული ), დაწყებულიყო ექსტრაკორპორული მემბრანული ოქსიგენაცია ,როგორც არა გარანტია, არამედ ერთადერთი და მცირე შანსი პაციენტის გადასარჩენად ( აღნიშნულ პროცედურაზე ოჯახის წევრების მიერ უარი იყო ნათქვამი ) .
საზოგადოებას შეგნებულად და მიზანმიმართულად უთხრეს ტყუილი , რომ უფროსმა ექთანმა, გააყალბა ხელმოწერა ნარკოტიკებზე!! ,

მაშინ როცა მისი ხელმოწერა ფიქსირდება პაციენტის დანიშნულების ფურცელზე, რადგან უფლებამოსილი იყო საკუთარი ხელმოწერით დაედასტურებინა დახარჯული მედიკამენტების ხარჯთაღრიცხვა. აღნიშნულის გამო ( !) სამწუხაროდ დღესაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ვინმე გ.დეკანოზიშვილის, „ექსპერტ- კრიმინალისტის“ დასკვნის საფუძველზე (წარადგინა ადვოკატმა ზაალ დავითაიამ) საზოგადოებას უთხრეს ტყუილი, რომ პაციენტის სიკვდილის მიზეზი გახდა „პერედოზირება“ ნარკოტიკით , მაშინ როცა ნარკოტიკების დოზირებას და გამოყენებას თავისი წესები აქვს კრიტიკულ მედიცინაში და არც ერთხელ არ გაცდენია საერთაშორისოდ მიღებულ ნორმებს და სტანდარტებს.

(ამასთან „პერედოზირება“ თავად არის რეანიმაციაში პაციენტის მოთავსების და მკურნალობის მიზეზი ნარკოტიკული ინტოქსიკაციის შემდეგ). გ.დეკანოზიშვილს არ გააჩნია კვალიფიკაცია და უფლებამოსილება მსგავსი დასკვნის გასაკეთებლად , თავისივე აღიარებით არ გააჩნია შესაბამისი ცოდნა შეეფასებინა რა იყო პაციენტის დამძიმების რეალური მიზეზი.

 ამასთან ეს პირი, „ თანამოაზრეებთან“ ერთად გამოთქვამდა მოსაზრებებს, რომ ექიმები (?!!) მოიხმარდნენ ან ყიდდნენ ნარკოტიკებს. აღნიშნულთან დაკავშირებით რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურორს დაიწყოს გამოძიება გ.დეკანოზიშვილის მიერ ყალბი საექსპერტო დასკვნის გაცემის ფაქტზე , ასევე მივმართეთ გ. რობაქიძის სახ. უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს და რექტორს მოთხოვნით, იმსჯელონ რამდენად შეესაბამება მისი ქმედება პროფესორის(?) სტატუსს და აქვს თუ არა უფლება ასწავლოს სტუდენტებს და მომავალ თაობას.

საზოგადოებას უთხრეს საოცარი ტყუილი, რომ პაციენტს „სცემდნენ“, „გაფუჭებული“ აპარატით ასუნთქებდნენ და ა.შ.

ვიტოვებთ იმედს, რომ გამოძიება დაადასტურებს საექიმო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემულ დასკვნას .
ასევე ვიტოვებთ იმედს , რომ სასამართლო დასრულდება სამართლიანი გადაწყვეტილებით, მედიასივრცე არ იქნება გამოყენებული ზეწოლის საშუალებად, მათ შორის საზოგადოებრივ აზრზე.

იმედს ვიტოვებთ , რომ დასრულდება რესპუბლიკური საავადმყოფოს, როგორც კლინიკის არაერთი და უბინძურესი დისკრედიტაციის მცდელობა .
ეს საავადმყოფო უნდა გადარჩეს და იდგეს ხალხის და სახელმწიფოს სამსახურში“ . – ნათქვამია რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, 20 წლის ფეხბურთელი 2021 წლის 10 სექტემბერს, მკურნალობის დაწყებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. კლინიკაში ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 11 აგვისტოს კოვიდ-სასტუმროდან შეიყვანა. გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი მიიჩნევს, რომ მისი შვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში არასათანადო მკურნალობას ემსხვერპლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები