სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ინფორმაციით, ურალის ცეკვის ეროვნული ანსამბლი – „კამუშკა“, რომელიც რუსეთში სამთავრობო დაფინანსებას იღებს და ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომს, თბილისშია.
მოძრაობა ანსამბლის თბილისში ყოფნის ამსახველ ფოტომასალას სოციალურ ქსელში აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ აქტივისტებმა ანსამბლის ავტობუსზე პროტესტის ნიშნად წარწერები დატოვეს.
„ანსამბლი, რომელმაც, რამდენიმე დღის წინ, კრემლის გამართულ კონცერტზე იცეკვა, ხოლო იქამდე ჩატარებული კონცერტი „რუს მეომარს“ მიუძღვნა, საქართველოში ვერ უნდა შემოდიოდეს“, – წერს მოძრაობა „სირცხვილია“ Facebook-ზე.
ცნობისთვის, ანსამბლი რუსეთის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული კულტურული ცენტრის „როსტოკის“ ბაზაზე ოპერირებს.
ანსამბლის სოციალურის ქსელების გვერდზე 1 მაისს გამართული კონცერტის აფიშაც იძებნება, რომელიც „რუს მებრძოლს ეძღვნებოდა“.
გარდა ამისა, 9 მაისს, „კამუშკა“ რუსეთისა დროშებითა და გეორგიევსკის ლენტებით, კრემლის მიერ ორგანიზებულ აღლუმსა და კონცერტშიც მონაწილეობდა.