2021 წლის 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ-19-ზე მკურნალობის შემდეგ გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა გაიოზ ჩარკვიანი ექიმებს კვლავ გულგრილობასა და მისი შვილის არასწორად მკურნალობაში ადანაშაულებს.
გაიოზ ჩარკვიანმა გუშინ, 22 მაისს განაცხადა, რომ მკურნალობის კურსის განმავლობაში, 23 დღეში მის შვილს 1 000 ამპულა ნარკოტიკული საშუალება გაუკეთდა:
„577 ამპულა ფენტალინის გარდა, მას პარალელურ რეჟიმში, გარდაცვალებამდე, 23 დღეში უკეთდებოდა 239 მძიმე პრეპარატი მიდაზოლამი, 5 ამპულა მორფინი და ჯამში, 1 000 ამპულა ნარკოტიკული საშუალება აქვს გაკეთებული, პლიუს ამას დამატებული, რომელიც დასათვლელია.
ჩემი შვილის მიმართ იყო მედიკამენტოზური წამება, თეა ბეგიაშვილი [ექთანი] მხოლოდ და მხოლოდ პატარა ჭანჭიკია, იმიტომ, რომ ის ინახავს უდიდეს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაავალა“, – განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა „ტვ პირველთან“.
ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექთანს გირაო შეეფარდა
ამასთან, გაიოზ ჩარკვიანი შვილის შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას ექიმების სჯეროდა, მაგრამ ნდობა სულ გაუქრა.
ვახტანგ ჩარკვიანის მამა ასევე იხსენებს, რომ მისი შვილი საფეხბურთო ტურნირებს ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად იგებდა:
„ვახო 7-8 წლიდან აქტიური სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა. იყო საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრი. თამაშობდა ისეთ ფეხბურთელებთან ერთად, დღეს ქართველი ერი რომ ამაყობს – ზურაბ დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია… ვახო რომ გარდაიცვალა, ორივემ თანადგომა გამოხატა. მაშინ ხვიჩა ყაზანში თამაშობდა და ზურიკო – ტულის “არსენალში”. საქართველოს ნაკრებში კი ერთად იყვნენ და ერთად იგებდნენ ტურნირებს…
ვახოს პირველი კონტრაქტი რომ გაუფორმეს “დინამო” თბილისში, ანაზღაურება 450 ლარი ჰქონდა. ფეხბურთის ფედერაციამ უცხოელებთან ერთად პროექტი განახორციელა, სადაც 400 ბავშვიდან 20 აარჩიეს და ამ 20-დან ჩემი შვილი გუნდის კაპიტანი იყო.
ხალისიანი და მოსიყვარულე ბავშვი იყო. ზოგი რამ არც კი ვიცოდით და გვიკვირს, როგორ მოასწრო ამდენი რამ. ათენში მივაწოდეთ ინფორმაცია იქაურ კლუბებს. რამდენიმე კლუბი დაინტერესდა მისით. შერჩევითი ეტაპები გადალახული ჰქონდა და რომ არა პანდემია და მთელი მსოფლიოს ჩაკეტვა, უნდა წასულიყო.
ვახო სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. ჩემს მეგობარ იურისტებთან ერთად ხშირად გვიმსჯელია და შეეძლო კაზუსიდან კაზუსის ამოხსნა. ვფიქრობდით, თუ ფეხბურთში გამოუვიდოდა რამე, გამოუვიდოდა, თუ არა და, სწავლას სამართალმცოდნეობის კუთხით გააგრძელებდა. ყველაფერზე ვფიქრობდით და იმიტომაც ეუფლებოდა იურისტის პროფესიასაც იდეალურად, რომ ცხოვრებაში გამართლებოდა“, – ამბობს გაიოზ ჩარკვიანი.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ აძლევს შვილის გარდაცვალების საქმეს მკვლელობის კვალიფიკაციას, ის აღნიშნავს:
„პანდემია რომ დაიწყო, ამ ვირუსით ჯერ ჩემი მეუღლე დაინფიცირდა. მთელი ოჯახი დავიფანტეთ. მეუღლე და დედა საავადმყოფოში დაწვნენ, მე და ჩემი ქალიშვილი კოვიდსასტუმროში გადავედით, მეორე დღეს კი ვახოც გადაიყვანეს კოვიდსასტუმროში. 2021 წლის 8 აგვისტოს შემდეგ ჩემი შვილი ფეხზე მდგომარე აღარ მინახავს. როცა აპარატზე შეაერთეს, ვეღარ დამაკავეს და კი შევედი მის სანახავად… მე მჯეროდა ექიმების, მაგრამ თეთრხალათიანების ნდობა სულ გამიქრა“, – ამბობს გაიოზ ჩარკვიანი „სარკესთან“ ინტერვიუში.
ცნობისათვის,, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10 სექტემბერს გარდაიცვალა. მას კლინიკაში შეყვანისას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა, მისი ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვალებამდე ჩარკვიანს კოვიდი დამარცხებული ჰქონდა.
რას ითხოვს ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი, რა ეტაპზეა გამოძიება და როგორია საავადმყოფოს პოზიცია, ვრცლად წაიკითხავთ აქ – ვახტანგ ჩარკვიანის საქმე