კრემლის განცხადებით, ბელგოროდის ოლქში განვითარებული მოვლენები, როგორც ამას რუსული სამთავრობო მედია აღწერს, „უკრაინელი დივერსანტების ბელგოროდის რეგიონში შეჭრა ღრმა შეშფოთებას“ იწვევს.
როგორც რუსული სამთავრობო მედია ТАСС წერს, მზადდება საჭირო ძალისხმევა, რათა მსგავსი რამ მომავალში არ მოხდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო კრემლის პრესსპიკერ დმიტრი პესკოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს:
უკრაინული მედია: ბელგოროდში რუსეთის ФСБ-ს და МВД-ს შენობებს დაარტყეს - რუსები მასობრივად ტოვებენ ქალაქს
რუსული Telegram არხი „რიბარი“ იუწყება, რომ თავდასხმის სამიზნე იყო არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობა, არამედ რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაც.
„რა თქმა უნდა, ის, რაც გუშინ მოხდა, ღრმა შეშფოთებას იწვევს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინელი „ბოევიკები“ აგრძელებენ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა ს რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
პესკოვის განცხადებით, „ძალისხმევა გრძელდება და გრძელდება სპეციალური სამხედრო ოპერაციაც“, რათა მომავალში რუსეთმა მის ტერიტორიაზე „შეღწევა“ აღარ დაუშვას.
ჟურნალისტების კითხვაზე, „დივერსანტების ეთნიკური კუთვნილების“ შესახებ, პუტინის პრესმდივანმა უპასუხა, რომ უკრაინაში ბევრი ეთნიკური რუსი ცხოვრობს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, პირები, რომლებმაც ბელგოროდის ოლქში შეაღწიეს, არიან „უკრაინელი ბოევიკები“ და მათ კონკრეტულ ვინაობას რუსეთის შესაბამისი უწყებები დაადგენენ.
კრემლის პრესმდივნის ინფორმაციით, ბელგოროდში შექმნილი სიტუაციის გამო პრეზიდენტი პუტინი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას არ აპირებს.