LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა

62

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა. ესტაკადის გახსნამდე, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად, პუშკინის სკვერის მიმდებარედ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ახალი ხიდის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რის შემდეგაც ხიდზე წლების შემდეგ ავტომობილების პირველმა ნაკადმა გაიარა.

პუშკინის ესტაკადა საცობებისგან განტვირთავს ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს – თავისუფლების მოედანს, მაჩაბლის, აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალაძის, ვაჩნაძის, უკრაინკას, პუშკინისა და სხვა ახლომდებარე ქუჩებს, ასევე, გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს.

“შესრულდა ჩვენი მორიგი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც გულისხმობდა ქალაქის ამ ისტორიული ნაწილის საცობებისგან განტვირთვას. განვახორციელეთ პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის პროექტი, რომლითაც ერთის მხრივ, 15-ზე მეტი ქუჩა განიტვირთება და საცობები აღარ იქნება, მეორეს მხრივ კი, შენარჩუნდა ის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, რომელიც საინტერესო და მიმზიდველია ტურისტებისთვის და რაც ყველაზე მთავარია, ქალაქის ეკოლოგიურ გარემოზე პოზიტიურად აისახება. ეს პროექტი ერთ-ერთია იმ 10 პროექტიდან, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ქალაქში მოძრაობის საცობებისგან განტვირთვის მიმართულებით და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას,”- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

ესტაკადა ლითონის კონსტრუქციითაა ნაგები და ახალი ხიდის სიმაღლის დონე თითქმის არსებული გზის შესაბამისია. ახალი ესტაკადა, ძველი ქალაქის სტილშია, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგა და ესტაკადის ქვეშ აღმოჩენილი ქალაქის ნანგრევები შენარჩუნდა.

ამასთან, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, რაც ტურისტული თვალსაზრისით და ვიზიტორების გადაადგილების კუთხით აღნიშნულ ტერიტორიას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

სამშენებლო სამუშაოები პუშკინის ქუჩაზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია “CRP”-მ განახორციელა და პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,400,000 ლარი დაიხარჯა.

თბილისის მერთან ერთად პუშკინის ქუჩაზე დღეს ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი, საკრებულოს წევრები და ესტაკადის პროექტის ავტორი თამაზ შილაკაძე იმყოფებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები