ცნობილი შეფი ლევან კობიაშვილი, რომელმაც ახლახან საკუთარი რესტორანი გახსნა, კადრების დეფიციტზე საუბრობს. როგორც მან BMGTV-ს გადაცემა #BMGDDRIVE-ში სტუმრობისას აღნიშნა, უკვე 4 თვეა დამლაგებელს ეძებს. მისივე თქმით, კადრების დეფიციტი მხოლოდ ჰორეკა სექტორს არ აქვს.
ამასთან, როგორც ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, რესტორნის ბიზნესის შენარჩუნება ძალიან რთულია და მუდმივ თანხასა და რესურსს საჭიროებს. კითხვაზე, მოუწია თუ არა მას ხელფასების გაზრდა, შეფი პასუხობს, რომ ხელფასებს პერიოდულად ზრდის.
„რესტორნის მართვა მარტივი არ არის. კადრების პრობლემა დგას. ახლახან გავხსენი ჩემი რესტორანი და ძალიან მიჭირს კადრების მოძიება, დასაქმება. ოთხი თვეა დამლაგებელს ვეძებ, გამოძახებით მყავს ხოლმე, დილით ვალაგებინებ, მერე საღამოს და ასე ვწვალობთ. ოთხი თვე რომ დამლაგებელს, ჭურჭლის მრეცხავს ვერ იპოვი, ძალიან რთულია რესტორანი ამუშაო. ეს პრობლემა ბევრს აქვს და ეს არ ეხება მხოლოდ ჰორეკა-სექტორს..
როცა ღირებული კადრია, არ უნდა დაკარგო, პირიქით, უნდა წაახალისო და შეინარჩუნო. ადრე ყოფილა, რომ ჩემთვის ერთი თვე დაუგვიანიათ ხელფასი და ეს ცუდი ტონია. გასაგებია, რომ შესაძლოა ვერ იმუშაო, მაგრამ ოჯახი ჰყავს ადამიანებს, ბანკის ვალი აქვთ და ცოტა რთულია, რომ თვე ჩაგივარდეს. რესტორნის აწყობა-შენარჩუნება ძალიან რთულია. მუდმივი თანხა და რესურსი გჭირდება“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.