რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ავიამიმოსვლაზე დაწესებული აკრძალვა მოიხსნა, დუმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი კმაყოფილია.
„მთავარ არხთან“ საუბარში გავრილოვი ამბობს, რომ ის თბილისში კიდევ აპირებს ჩამოსვლას და ამჯერად უკვე პირდაპირი რეისით:
რუსული ავიაკომპანიები მოსკოვი-თბილისის მიმართულებით, სავარაუდოდ, კვირაში 7-ჯერ იფრენენ
„ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დადებითი გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი ხანი ველოდით. ეს მოხსნის იმ ხელოვნურ ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლიდა ქართველებს რუსეთში მყოფი ნათესავების მონახულებაში, ისევე, როგორც პირიქით.
ეს ასევე ხელს შეუწყობს კომერციული და პირადი კონტაქტების დამყარებას. ასევე შეამცირებს არსებულ დაძაბულობას სამხრეთ კავკასიაში.
ჩვენ არაერთხელ მივმართავდით რუსეთის პრეზიდენტს, რომ მოხსნილიყო ყველა არსებული ბარიერი, მით უმეტეს, რომ საქართველოს არა აქვს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებთან. ვისაც არ უნდა რუსეთში ჩამოსვლა, შეუძლია არ ჩამოვიდნენ.
მე არ ვიცი, იცოდა თუ არა ქართულმა ოცნებამ ამ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოში ბევრი ელოდა ამ გადაწყვეტილებას.
პირადად მე ვაპირებ ჩამოსვლას. შესაძლოა ეს არ მოხდეს ახლო მომავალში, მაგრამ საქართველოში ჩემი ბევრი ნათესავია დაკრძალული. არ ვიცი, შემომიშვებენ თუ არა საქართველოში, ეს დამოკიდებულია ქვეყნის ხელისუფლებაზე.“ – ამბობს გავრილოვი.
ამავე თემაზე: