LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკი წლის ბოლოს 1%-იან ინფლაციას და 5%-მდე ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს 

115
მესტვირიშვილი

ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია მთელი წლის განმავლობაში 3%-ზე ნაკლები იქნება. ამის შესახებ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მოვალოების შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა მედიასთან შეხვედრისას ისაუბრა.

„ჩვენ, მთელი წლის განმავლობაში ველით, რომ ინფლაცია მიზნობრივზე გაცილებით დაბალი იქნება და წლის ბოლოსთვის ჩვენი პროგნოზი 1%-ია. ეს რა თქმა უნდა სოციალურად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენთვის მთავარია გრძელვადიან პერიოდში როგორ იქცევა ინფლაცია.

ინფლაციის პრობლემას ამწვავებს მისი ყოვლისმომცველობა. ანუ, რამდენ პროდუქტს ეხება. შესაბამისად, მოსახლეობისთვის მოლოდინი მწვავდებოდა. როცა ვამბობთ, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის ოპტიმალური იქნება 3% ინფლაცია, ნიშნავს რომ პროდუქციაზე ფასების ზრდა ყოველთვის იქნება. როცა მოქალაქე შედის მაღაზიაში, ცხადია ის პროდუქტი ხვდება თვალში, რომელზეც ფასები გაიზარდა. ეს ბუნებრივია და ეს აღქმა ყოველთვის იქნება, მაგრამ ჩვენთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის ტემპი იყოს დაბალი“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-მდე შეამცირა

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, ეროვნულმა ბანკმა საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და ელის, რომ ზრდა 5%-ის ფარგლებში იქნება. აქამდე სებ-ი 4%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

„მიმდინარე წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა პოტენციურ დონესთან ახლოს, 5 პროცენტის ფარგლებში, იქნება. შესაბამისად, ფასებზე ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ზეწოლა ნაკლებად მოსალოდნელია. ამას, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, წინა წელთან შედარებით დაკრედიტების  შენელებული ტემპი და ფისკალური კონსოლიდაცია უწყობს ხელს“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5% პროცენტს შეადგენს.