აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა ADB-ის მმართველთა საბჭოს ბიზნესსესია, რომელზეც სიტყვით გამოვიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი, აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მმართველი ლაშა ხუციშვილი.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა აზიის განვითარების ბანკის როლზე რეგიონის ქვეყნების დახმარების პროცესში და აღნიშნა, რომ დღეს, გლობალური სირთულეების გათვალისწინებით, ADB-ის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნების რეფორმების განხორციელებაში.
ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ, როგორც აზიის განვითარების ბანკის, ისე განვითარების სხვა პარტნიორების მთავარი პრინციპები უნდა იყოს მოქნილობა და გადამწყვეტი მოქმედება სხვადასხვა გამოწვევების საპასუხოდ.
მისი თქმით, საჯარო და კერძო სექტორებში ეკონომიკის სწრაფი აღდგენით, საქართველომ დაამტკიცა მდგრადი განვითარების პოლიტიკისადმი ერთგულება.
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გლობალური მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანას ორი წლის განმავლობაში ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ძლიერი ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები იძლევა მყარ საფუძველს, გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმარებისთვის.
„საქართველო განაგრძობს წარმატებულ თანამშრომლობას აზიის განვითარების ბანკთან, რომლის პორტფელიც, დაახლოებით, 4.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ვიმედოვნებთ, რომ ADB-სთან ერთად სამომავლო თანამშრომლობა წარიმართება საქართველოსთვის პრიორიტეტულ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ენერგოუსაფრთხოება და დამოუკიდებლობა, მწვანე და განახლებადი წარმოება, ასევე, დაკავშირებადობა, ელექტროგადაცემა, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, საავტომობილო გზები და ციფრული ინფრასტრუქტურა, კორპორატიული მართვის რეფორმირება, ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში და სხვა. დღეს ყველას გვჭირდება ძლიერი რეგიონული სინერგია და განვითარებაზე ორიენტირებული პარტნიორების მხარდაჭერა. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ დიდ წარმატებას კრიზისიდან გამოსვლის პროცესში“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნესსესია ყოველწლიური შეხვედრის მთავარ ღონისძიებას წარმოადგენს, რომელზეც მმართველები იხილავენ და ამტკიცებენ ბანკის საქმიანობასთან, ფინანსურ და ადმინისტრაციულ მართვასთან დაკავშირებულ სტრატეგიულ დოკუმენტებს, რეგულაციებსა და ანგარიშებს.