„ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა უფრო პოლიტიკური ხმაურის შესაქმნელად არის მიმართული, ვიდრე კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მისაღწევად“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ „პირველი არხის“ გადაცემაში აღნიშნა, ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოება წარიმართოს, მაგრამ არ ჰგონია, რომ ამ შემთხვევაში, ოპოზიციას რამე დიდი პერსპექტივის იმედი უნდა ჰქონდეს:
„არ მგონია, რომ გამართლებული იყოს მათი მხრიდან ეს არჩევანი. ვფიქრობ, უფრო მეტად ახალი პოლიტიკური აჟიოტაჟის ან ახალი ასპარეზის გამოჩენის საშუალებად უფრო განიხილება ეს მათთვის, ვიდრე რეალურ ინსტრუმენტად, რომ რაღაც პოზიტიურ ცვლილებებს მიაღწიონ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, როდესაც აშშ აკეთებს განცხადებებს საჯარო სივრცეებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ერთადერთი წყარო, რაც ამ შემთხვევაში გამოყენებულია, არის ამ თემასთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ საჯარო სივრცეში ნასაუბრები:
სალომე სამადაშვილი: თუ უმრავლესობა უარს არ იტყვის კონსტიტუციის დარღვევაზე, მაშინ ჩვენ გვრჩება საკონსტიტუციო სარჩელის გამზადების გზა
„ის, რაც უმრავლესობამ გააკეთა პარლამენტში, კონსტიტუციის და რეგლამენტის უხეში დარღვევაა, მათ ფაქტობრივად, საბოტაჟი მოუწყვეს კონსტიტუციურ პროცესს.“
„ისინი კონკრეტულ წყაროს არ ასახელებენ და კონკრეტულ განმარტებებს არ აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, რა გახდა მოსამართლეთა მიმართ სანქციების გამოყენების მიზეზი. სხვათა შორის, ამას ელჩმაც ვერ გასცა პასუხი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
დასმულ კითხვაზე, არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ამ კითხვებს პასუხი გასცეს საგამოძიებო კომისიამ, რომლის შექმნასაც ოპოზიცია მოითხოვს, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ეს პრინციპულად მიუღებელია.
„საქმე რაშია, იცით? სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პატივისცემა ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ სადმე რაღაც განყენებულად დებულება იყოს კონსტიტუციაში, რომელსაც, როგორც გვინდა, ისე გამოვიყენებთ ჩვარივით? ეს ხომ არ არის სწორი?!
დამოუკიდებლობის პატივისცემა ნიშნავს იმას, რომ, უპირველესად, ეს არის ავტონომიური სახელისუფლებო სტრუქტურა. არ შეიძლება, ის გაიგივებული და გადაზელილი იყოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან.
ეს კარგად უნდა გვახსოვდეს. რაც მეტად ავტონომიურია სასამართლო ხელისუფლება და რაც ნაკლებად ჩარევის შესაძლებლობა აქვს ვინმე სხვას, რასაკვირველია, სწორია“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, შესაძლოა, ოპოზიციაში არიან ადამიანები, ვისაც არ ესმის, სამართლებრივად რამდენად დიდია დრამატიზმი და ტრაგიზმი ამ ყველაფერში, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლებაში უნდა ირჩეოდეს რომელიმე მოსამართლის ავკარგიანობის საკითხი მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ წერია, რომ იუსტიციის საბჭო იმისთვის არსებობს, რათა არ ორგანომ, მოსამართლეებმა დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, რომ სასამართლო ხელისუფლება იყოს თვითმყოფადი, თუ რომელი მოსამართლე იმსახურებს იმ კორპუსში ყოფნას და რომელი – არა.