LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში სეზონურად დასაქმების პროგრამაში სამუშაო ნებართვა 1,500 პირზე გაიცა – რამდენი ქართველი დასაქმდა ისრაელში

146
გერმანიაში დასაქმება

ჯანდაცვის სამინისტრომ დასაქმების პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამების ფარგლებში, ყველაზე მასშტაბური გერმანიაში სეზონურად დასაქმების პროგრამა იყო.

“2020-2022 წლებში, სააგენტოს ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 17 365 სამუშაოს მაძიებელი, აქედან 12 645 – 2022 წელს. გარდა ამისა, 29 323 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს მიეცა შესაძლებლობა ემუშავა საზოგადოებრივ სამუშაოებზე (პროგრამა ამოქმედდა 2022 წლის პირველი მარტიდან), ხოლო 1 539 პირზე გაიცა სამუშაო ნებართვა გერმანიის დასაქმების სააგენტოს მიერ, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით, ხოლო 18 პირი დასაქმდა ისრაელში ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში (ისრაელში დროებითი, ლეგალური დასაქმების სქემა ამოქმედდა 2022 წლის მეორე ნახევარში.)

2022 წლიდან პროგრამაში გაჩნდა ახალი კომპონენტი, გერმანელ დამსაქმებლებს მიეცათ საშუალება საქართველოს მოქალაქეებთან უშუალოდ დაემყარებინათ კომუნიკაცია და მიეწვიათ გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით. აღნიშნული კომპონენტის გაჩენით სქემა გახდა უფრო მოქნილი და უფრო მეტ მოქალაქეს მიეცა საშუალება ჩართულიყო პროგრამაში. დამსაქმებლებისგან სახელობითად მოთხოვნილ სამუშაოს მაძიებლები უფრო მოკლე დროში, შედარებით ნაკლები პროცედურების გავლით მიემგზავრებოდნენ და საქმდებოდნენ გერმანიაში. 2022 წელს 1 231 საქართველოს მოქალაქეს მიეცა საშუალება ესარგებლა აღნიშნული სქემით და ჩართულიყო სოფლის მეურნეობის სექტორის სეზონურ სამუშაოებზე”, – აღნიშნულია პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული დასაქმების პოლიტიკის ანგარიშიდან ირკვევა, პროგრამის ფარგლებში ისრაელში ლეგალურად დასაქმება 2022 წელს სულ 18-მა პირმა შეძლო.

“გრძელდება ისრაელში ლეგალურად დასაქმებისთვის რეგისტრირებული კანდიდატურების გადარჩევის პროცესი და წინასწარ (არსებული შერჩევის მეთოდოლოგიის საფუძველზე) შერჩეული კანდიდატების ისრაელის მხარისთვის მიწოდება. ასევე, აღნიშნული შესაძლებლობის თაობაზე, მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია შესაბამის სამიზნე ჯგუფებთან (ჯგუფური კონსულტაციების ჩატარება, კომუნიკაცია პროფილურ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მათ კურსდამთავრებულებთან). პირველი ჯგუფი გაემგზავრა 17 პირის შემადგენლობით 2022 წლის 21 დეკემბერს. შეთანხმებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების სპეციფიკის გათვალისწინებით, შერჩევის პროცესი არის საკმაოდ ხანგრძლივი. მიღებული გამოცდილების კვალდაკვალ ხდება პროცედურების სრულყოფა საიმისოდ რათა შეთანხმება განხორციელდეს სრულყოფილად და მასში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე პირებმა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.