ზუკა ხუციშვილი დღეს იუბილარია. მომღერალს 32 წელი შეუსრულდა. „უკვე დავებრდი“, იხუმრა მან ჩვენთან საუბრისას, როდესაც დავურეკეთ და დაბადების დღე მივულოცეთ.
როგორ აპირებს ამ დღის აღნიშნავს და რა საჩუქრებს იღებდა მამისგან, ამის შესახებ fortuna.ge-ს ესაუბრა.
ზუკა ხუციშვილი:
ეს დღე ჩემთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულია, თუმცა უფრო მეტად მიყვარს სხვების დაბადების დღეები და მათი აღნიშვნა. ჩემი ისე არ მიყვარს, როგორც ჩემი ახლობლების დაბადების დღეები. უცნაურია, მაგრამ ყურადღების ცენტრში ყოფნაზე დიდად არ ვგიჟდები. იმის მიუხედავად, რომ ბავშვობიდან სცენაზე ვარ, თუ არ ვმღერი, სხვა მიზეზით, თუნდაც დაბადების დღის გამო ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მომწონს. მილოცვები, რა თქმა უნდა, მსიამოვნებს და მიხარია, მაგრამ მაინც ცოტა მეუხერხულება.
საჩუქრების მიღებაც გეუხერხულება?
საჩუქრებიც კარგია, მაგრამ სხვებისთვის ჩუქება უფრო მიხარია (იღიმის).
დაბადების დღის გადახდა ყოველ წელს არ გამოდის, რა თქმა უნდა, მაგრამ კარგი სუფრის გაშლა მიხარია.
გაქვს დღევანდელი დღის გეგმა, როგორ აპირებ აღნიშვნას?
არ დამიგეგმავს არაფერი, უფრო ვიწრო წრეში აღვნიშნავ, ალბათ, იქნება თბილი და პატარა საღამო.
არის თუ არა განსაკუთრებული საჩუქარი, რომელიც გიოსგან გახსოვს დაბადების დღეზე?
ის თვისება, რაზეც ახლა ვისაუბრე, რომ საჩუქრების ჩუქება სხვებისთვის უფრო მიყვარს, ვიდრე მიღება, სწორედ გიოსგან მაქვს ნასწავლი. დაბადების დღე იყო ყოველი დღე მისი გარემოცვისთვის, რადგან არასდროს იცოდი წინასწარ, რას გაგიკეთებდა, რას გაჩუქებდა და სად წაგიყვანდა, ამიტომ დაბადების დღეზე განსაკუთრებულად არაფერს ველოდებოდი, იმდენ კარგ რამეს მიკეთებდა მანამდეც და მერეც. სხვისი სიხარულისთვის ცხოვრობდა და მეც ასე ვცდილობ ცხოვრებას…
მაგრამ არის ერთი ძველი საათი, რომელსაც ცივ ნიავს არ ვაკარებ. არც ვიკეთებ არასდროს, მით უმეტეს, ყოველდღიურად ვერ გავიკეთებ – ის ბაბუას და მერე მამის ნაქონია. გიომ არა დაბადების დღეზე, მაგრამ იმ პერიოდში გადმომცა, არა საზეიმოდ, არამედ უბრალოდ და მთხოვა, რომ ამ ნივთს განსაკუთრებით გავფრთხილებოდი. ასეც არის. ამ საათს მაშინ გავიკეთებ, როდესაც დავიმსახურებ, ეს მომავალში იქნება, არ ვიცი, როდის, როცა ისეთ რამეს გავაკეთებ, რითაც გიო იამაყებდა…
დედამ როგორ მოგილოცა დაბადების დღე?
ღამე 12 საათზე ტორტით და ბევრი სანთლით მოვიდა. დედის და შვილის ურთიერთობა, ახალს ვერაფერს ვიტყვი, ყველაზე ძვირფასია რაც კი არსებობს ამ ქვეყანაზე.სიტყვებით ვერ გამოვხატავ, რა სიყვარულია ეს და როგორი მადლიერი ვარ მისი…
ინტერვიუ: ნინო მურღულია
ფოტო: დათუნა აგასი