LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი – 2008 წლის ომში ბოლომდე გავმართლდით და ვიპოვეთ სამართლიანობა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში

147
ფორტუნა - 2023-04-28T215035.093

2008 წლის ომში ბოლომდე გავმართლდით და ვიპოვეთ სამართლიანობა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ქართველი გმირების დამსახურებაა.

„2008 წლის ომში ბოლომდე გავმართლდით და ვიპოვეთ სამართლიანობა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

 

სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთს საქართველოსთვის 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება, რუსეთის ფედერაცია გაამტყუნა.

 

ჩვენ მაშინ გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა და მე ვამბობდი, რომ სრულად აღვადგენდი სამართლიანობასაც. ახლა ვამბობ, რომ საქართველო ისევე, როგორც უკრაინა, 1991 წლის საზღვრებში განახლდება.

ეს სასამართლო გადაწყვეტილება ჩვენი გმირების დამსახურებაა. მათ რომ მაშინ სახელმწიფოებრიობა არ შეენარჩუნებინათ, ევროპელი ლიდერები რომ არ ჩამოსულიყვნენ, ამერიკას მე-6 ფლოტი რომ არ გამოეგზავნა, ჩივილითაც კი არავინ იჩივლებდა. ჩვენ კი მთელი მსოფლიო ფეხზე დავაყენეთ.

ჩვენ უახლოეს თვეებში, წლებში და ათწლეულებში ბევრად მეტად დაგვჭირდება დასავლეთში ინტეგრაცია.

თუმცა, რაც მთავარია, ქართველებს მინიმალური ერთობა გვჭირდება!“ – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დარღვევებისა და მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დააკისრა.

პრეზიდენტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: საერთაშორისო სამართალმა საქართველოს სიმართლე კიდევ ერთხელ დაადასტურა