საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კატრინ კოლონასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციების შესრულების მხრივ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და რეკომენდაციების სრულად შესრულებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობა გაგრძელდება.
„მე ვუთხარი ქალბატონ მინისტრს, რომ ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველომ დროულად და პირნათლად შეასრულოს ეს დავალება. ასევე, ქალბატონ მინისტრს გავუზიარე ამ ძალისხმევის მიღმა თუ რა კონკრეტული აქტივობები ჩაატარა ხელისუფლებამ.
მე მას ვუთხარი, რომ გასულ წელს ძალიან ძლიერი საპარლამენტო წელი იყო კანონშემოქმედებითი მიმართულებით. საქართველოს პარლამენტმა 80-ზე მეტი ახალი კანონი მიიღო იმისთვის, რომ ეს რეკომენდაციები შეგვესრულებინა. ჩვენ ვუყურებთ რა შედეგებს, უკვე ჩატარებული რეფორმების, რეკომენდაციების შესაბამისად, ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებულია. დარჩენილია კიდევ ნაბიჯები, რომელიც გადასადგმელია და ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ვენეციის კომისია იქნება თუ ეუთო/ოდირი, ვაგრძელებთ მათთან მუშაობას და იმისთვის, რომ სრულად შევასრულოთ რეკომენდაციები, ძალიან მალე გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.