დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა და შეხვედრები გამართა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის ბრძოლა მიმდინარეობს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ავტოკრატიისკენ „მზარდად მიდის“.
„ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც მიმდინარეობს შიდა ბრძოლა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არის საქართველო, სადაც აშკარად ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს დასავლეთისკენ, ევროპისკენ გაიხედოს. მათ სურთ დემოკრატია. მე და სენატორი რიში იქ ვიმყოფებოდით 2012 წელს, რათა დავკვირვებოდით არჩევნებს, როდესაც ქვეყანაში „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ახლა რაც ჩვენ ვიხილეთ, ის არის, რომ საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ,“- ამბობს სენატორი შაჰინი დემოკრატიული პარტიიდან.
ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, ჯინ შაჰინმა დასვა კითხვა იმის შესახებ, არის თუ არა შესაძლებელი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა. სხდომაზე ამერიკელი კანონმდებლები USAID-ის ხელმძღვანელს სამანტა პაუერს უსმენდნენ.
„ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება მოახლოებული არჩევნები 2024 წელს. ჩვენ გვექნება კრიტიკული როლი და მხარს დავუჭერთ ამ არჩევნებს და გავგზავნით დამკვირვებლებს არჩევნებზე. შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს და ფიქრობს თუ არა USAID-ი გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოს მხარდასაჭერად“? – იკითხა ჯინ შაჰინმა.
ამერიკელი სენატორის სულისკვეთება გაიზიარა სხდომაზე მყოფმა USAID-ის ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები „უკიდურესად შემაშფოთებელია“.
სხდომა, სადაც საქართველოს შესახებ ერთი კითხვა დაისვა, ორ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. შეხვედრაზე განიხილებოდა ამერიკის მთავრობის ბიუჯეტის საკითხები და 2024 წლის გეგმები.
მოსმენაზე საუბარი შეეხო ყარაბაღში არსებული ვითარებას და სუდანში მიმდინარე პროცესებს. განსახილველ მთავარ საკითხებს შორის იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩინეთისა და რუსეთის ქმედებებიც.