„ეს შეკრება არ იქნება არავის წინააღმდეგ და არავის მხარდასაჭერად, მაგრამ ირიბად იქნება იმ პოლიტიკის მხარდასაჭერად, რომელიც ხორციელდება დღევანდელი ხელისუფლების მიერ. ეს არის მშვიდობის პოლიტიკა“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში კონსერვატიული პორტალის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა.
ვატო შაქარიშვილი ამბობს, რომ 30 აპრილის შეკრება იქნება თავისუფალი პოლიტიკური წნეხისგან, თუმცა ადასტურებს რომ აქციაზე იქნებიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც. ამასთან, შაქარიშვილი ეთანხმება მმართველი გუნდის ლიდერებს იმის შესახებ, რომ აქციაზე იმაზე მეტი ადამიანი მივა, ვიდრე ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებზე დადის.
„დღეს ქვეყანაში არის მშვიდობა, ამ მონაპოვარს არ დავთმობთ“ – ვატო შაქარიშვილი განმარტავს, რა მიზანს ემსახურება 30 აპრილის შეკრება
„რაც სისხლით, შრომით, თავგანწირვით მოვიტანეთ, ნამდვილად ვერ მივიტანთ უცხო ქვეყნების სამსხვერპლოზე“ - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვატო შაქარიშვილმა.
„ცხადია იქ იქნებიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც, სხვა პოლიტიკური არჩევანის მქონე ადამიანებიც, რომლებსაც მთავარი აერთიანებთ, რომლებიც არ მტრობენ ქვეყანას, რომლებსაც სურთ ამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და რომლებიც ისწრაფიან დემოკრატიული პროცესებისკენ და არა საელჩოკრატიის ან აგენტოკრატიის დამყარებისკენ ჩვენს ქვეყანაში.
ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ზონდერები რას უწოდებენ ამ შეკრებას ეს ნაკლებად საინტერესოა. მართალია არჩილ თალაკვაძე, ვეთანხმები მას, რომ ბევრად მეტი ადამიანი იქნება შეკრებილი რესპუბლიკის მოედანზე, ვიდრე ამას ძალიან დიდი ფულის, რესურსების, ორგანიზაციული შესაძლებლობების ფონზე ე.წ დესტრუქციული ოპოზიცია ახერხებს ხოლმე“. – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „დღის თემა“.
„მოვდივარ“ – ჩვენი შვილების მომავლისთვის – ამ სახელწოდების აქცია გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა დააანონსა. შეკრება 30 აპრილს, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.