საქართველოში, 2018-დან 2022 წლამდე საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 48%-ით გაიზარდა. PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვის თანახმად, 2018 წელთან შედარებით, 2022-ში შემწეობას 209 000 ადამიანით მეტი იღებდა.
„სოციალური მომსახურების სააგენტოს პლატფორმაზე რეგისტრირებული ოჯახებისა და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 2018 წლიდან 2019 წლამდე შემცირდა (რეგისტრირებული ოჯახები 318 ათასიდან 308 ათასამდე და შემწეობის მიმღები ოჯახები 128 ათასიდან 120 ათასამდე). თუმცა, 2019 წლიდან 2022 წლამდე რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა და 370 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახები – 47%-ით და 176 ათასი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გაანალიზებულ პერიოდში რეგისტრირებულ ოჯახებს შორის საშუალოდ 44% იღებდა საარსებო შემწეობას.
შესაბამისად, 2018 წლიდან 2022 წლამდე შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 439 ათასიდან 648 ათასამდე გაიზარდა (48%-ით), ხოლო გაანალიზებულ პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილმა 12%-დან 18%-მდე მოიმატა“, – აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
რამდენით გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა საქართველოში
როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, ბოლო 5 წელში საარსებო შემწეობის პროგრამის ბიუჯეტი 358 მლნ ლარით გაიზარდა. 2018 წელს შემწეობის ხარჯები 251 მლნ ლარს შეადგენდა, 2022 წელს კი 609 მლნ ლარი იყო.
„საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა 20% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა ყველაზე დაბალი რაოდენობა 2019 წელს დაფიქსირდა. თუმცა, 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს საარსებო შემწეობის ხარჯები 27%-ით გაიზარდა. ეს გამოიწვია საარსებო შემწეობის საფინანსო პაკეტის მთლიანმა ზრდამ“, – ვკითხულობთ კვლევაში.
მიმოხილვის მიხედვით, რომ 2018 წლიდან 2022 წლამდე მნიშვნელოვნად, 2.7 მლრდ ლარით გაიზარდა სოციალური პროგრამების საბიუჯეტო ხარჯები. ზრდა ეტაპობრივი იყო და 2018 წელს 3.3 მლრდ ლარს შეადგენდა, 2022 წელს კი – 6 მლრდ ლარს. შესაბამისად, გაანალიზებულ პერიოდში ასევე გაიზარდა სოციალური პროგრამების ხარჯების წილი მთლიანი ბიუჯეტის ხარჯებში 37%-დან 40%-მდე.
რაც შეეხება საარსებო შემწეობის თანაფარდობას საარსებო მინიმუმთან. აღსანიშნავია, რომ საარსებო შემწეობის პროგრამა მიზნად ისახავს საზოგადოების ყველაზე დაუცველი ნაწილის ძირითადი სოციალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად აუცილებელი ფინანსური დახმარების უზრუნველყოფას. ამ მხრივ ერთ ოჯახზე საარსებო შემწეობის საშუალო ოდენობა უნდა შედარდეს საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს, რომელიც ასახავს იმ მინიმალურ თანხას, რაც საჭიროა საქართველოში საშუალო ოჯახის აუცილებელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად.
2018 წლიდან 2022 წლამდე, საქართველოში საშუალო თვიური საარსებო შემწეობა ერთ ოჯახზე 163 ლარიდან 256 ლარამდე გაიზარდა, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი – 292 ლარიდან 314 ლარამდე.
„მაჩვენებლების შედარება ცხადყოფს, რომ გაანალიზებულ პერიოდში საშუალო თვიური საარსებო მინიმუმი საშუალოდ 51%-ით აღემატება საშუალო თვიურ საარსებო შემწეობას“, – აცხადებენ PMC კვლევით ცენტრში.
ინფორმაციის თანახმად, 2018-2022 წლებში შემწეობის მიმღები ოჯახების ყველაზე მაღალი წილი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (საშუალოდ 44.2%), სამეგრელო-ზემო სვანეთსა (18.3%) და შიდა ქართლში (16.9%), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო თბილისში (9.8%), სამცხე-ჯავახეთსა (11%), და იმერეთში (11.6%).