მითი და რეალობა ესთეტიკურ მედიცინაში – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა ესთეტიკოსმა მარიამ შავიძემ ისაუბრა.
მითი 1. თუ სწორად მოვუვლი სახეს, ინექციური ჩარევა არ დამჭირდება
დღეისათვის აქტუალურია კოლაგენის შემცველი საცხების და ჰიალურონის შრატების გამოყენება და მოხმარება, რაც აუცილებელ პროდუქტებს წარმოადგენს სახის კანის მოვლის ყოველდღიური რუტინის, თუმცა აღსანიშნავია, რომ კოლაგენისა და ჰიალურონის მოლეკულები საკმაოდ დიდი ზომისაა და მათ გააჩნიათ მაღალი მოლეკულური წონა, ჩვენს კანს კი ერთგვარი ბარიერული ფუნქცია გააჩნია და ცხადია დიდი ზომის მოლეკულის განვლადობა არ ხდება ეპიდერმისის მეშვეობით. ჩვენს კანს კი დატენიანება და კვება სჭირდება კანის უფრო ღრმა შრეში, დერმალურად. საბოლოოდ საუკეთესო შედეგს იძლევა როგორც ღრმა ასევე ზედაპირული შრეების კომბინაციური მოვლა/ დატენიანება.
მითი 2. ბოტოქსი და ფილერი ერთი და იგივეა
ისინი სრულიად განსხვავებული ნივთიერებებია, სრულიად განსხვავებული მოქმედების ეფექტით, შესაბამისად, განსხვავებულ მიზნებს ემსახურება.
დერმალური შემავსებლები ე.წ. ფილერები – ჰიალურონის ბაზაზე დამზადებული გელის მსგავსი ნივთიერებაა, რომელიც ბუნებრივად ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილი გახლავთ, ესთეტიკური მედიცინა კი მას იყენებს როგორც შემავსებელს სახის მოცულობის აღსადგენად, კანის სიმკვრივისა და ელასტიურობის გასაუმჯობესებლად, თანდაყოლილი და შეძენილი ასიმეტრიების კორექციისთვის.
ე.წ. ბოტოქსი – გახლავთ A ტიპის ბოტულინო ტოქსინი, ქარხნულად ბაქტერია კლოსტრიდიუმისგან მიღებული, წარმოადგენს ნერვული იმპულსის გადაცემის დროებით დამთრგუნველ საშუალებას, რაც გამოიხატება კუნთის აქტიური მოძრაობის დაქვეითებით და ვიზუალურად ნაოჭის გასადავებას და სახის ნაკვთების გაუმჯობესებას იწვევს. შესაბამისად, გამოიყენება მიმიკური ნაოჭების კორექციისთვის.
მითი 3. პროცედურები განკუთვნილია მხოლოდ გარკვეულ ასაკში
ჩვენთვის ცნობილია, რომ კოლაგენის სინთეზის ინტენსივობა იკლებს 25 წლიდან, შესაბამისად კანის აქტიური დატენიანება და ამ მიმართულებით მკურნალობა მიზანშეწონილია პრევენციის მიზნით ადრეული ასაკიდან, რათა თავიდან ავიცილოთ ნაადრევი დაბერება, ფტოზი და მკვეთრი ნაოჭების გამოხატვა. რაც უფრო გვიან ვიწყებთ ინექციურ ჩარევას, მით უფრო რთულად მიიღწევა სასურველი შედეგი და შესაბამისად, უფრო ბევრი გასაახალგაზრდავებელი პროცედურის ჩატარება ხდება საჭირო.
მითი 4. თუ დაიწყე პროცედურების კეთება, ვეღარ შეეშვები
ეს მართლაც ყველაზე დიდი მითია. თუ პაციენტი აღფრთოვანებულია პირველივე ჩატარებული პროცედურით და თავს გრძნობს გაცილებით კომფორტულად, ლამაზად და თავდაჯერებულად, ძალიან ლოგიკურია, რომ უნდოდეს თუნდაც იგივე პროცედურის და მისგან გამოწვეული ემოციების გამეორება გარკვეული პერიოდის შემდგომ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხდება დამოკიდებული ფიზიოლოგიურ დონეზე.
მითი 5. ინექციური ჩარევები სახეს ხდის არაბუნებრივს, შეშუპებულს და არამეტყველს
როგორც კი ვხედავ ზედმეტად გადავსებულ, ან გადატვირთულ სახეს, ვფიქრობ ინექციონისტის პროფესიონალიზმზე. სწორი ხედვა, მიმართულება და დოზირება სწორედ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებულები. თუ ექიმი, პროფესიონალი, ინდივიდუალურად შეარჩევს საინექციო პრეპარატის ხარისხსა და რაოდენობას
შესაბამისად, არასასურველი და არაბუნებრივი ეფექტი არ დადგება პროცედურის შემდგომ.
თუ ბოტოქსის შემდეგ გამომეტყველება გაყინულია
აუცილებელია, რომ აღნიშნული პროცედურა ჩატარდეს პროფესიონალი ექიმის მიერ, რომელიც სრულად არ გათიშავს ნაოჭების წარმომქმნელ კუნთებს და მხოლოდ მომატებულ ტონუსს მოხსნის ისე, რომ არ დაირღვეს პაციენტის ბუნებრივი მიმიკა.
მითი 6. პროცედურების შეწყვეტის შემდგომ გამოიყურები იმაზე ცუდად, ვიდრე დაწყებამდე
ესეც დიდი მითია, პირიქით თუნდაც ერთი პროცედურის ჩატარების შემდგომ მისი მოქმედების შედეგის ამოწურვის შემდეგაც კი ბევრად გაუმჯობესებულია ქსოვილის სტრუქტურა, ვიდრე ეს იყო პროცედურამდე. თუ ვისაუბრებთ ბოტულინოთერაპიაზე, რაც გულისხმობს კუნთების მოდუნებას, გარკვეული პერიოდის შემდგომ გადაეჩვევა ხოლმე ჩვენი სხეული მიმიკურ აქტიურობას და აი ხშირად მომმართავენ პაციენტები დიდი სიხარულით, იცით ბოტულინოტოქსინმა თავისი რესურსი უკვე ამოწურა, მაგრამ მე კვლავ არ დამბრუნებია ნაოჭები სახეზე. მაგრამ აღსანიშნია, რომ ეს ყოველივე ძალიან ინდივიდუალური შემთხვევაა.
მითი 7. პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება საზიანოა და უცხო სხეულია ჩვენი ორგანიზმისთვის
მნიშვენელოვან ასპექტს წარმოადგენს პრეპარატის სწორად მოთავსება ქსოვილში. გარკვეულ გართულებებთან გვექნება საქმე, თუ არასწორად შევარჩევთ საინექციო შრეს, თუ ზედმეტად დიდი რაოდენობით მოვათავსებთ პრეპარატს ერთ ადგილას. ამან შესაძლოა გამოიწვიოს იშემია ან ქსოვილის ნეკროზიც კი.
მითი 8. როდის არ შეიძლება ან როდის უნდა მოვერიდოთ ინექციების ჩატარება
საყურადღებო მდგომარეობა/ დაავადებებს მიეკუთვნება:
მწვავე ალერგიული რეაქციების, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, სისხლის შედედების დარღვევა, დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, გულის დაავადებები, კანის დაავადებები, აივ ინფექცია/ შიდსი, ეპილეფსია, დეპრესია, მწვავე მიმდინარე ინფექცია, აქტიური ჰერპესი ,ჰეპატიტი, კელოიდური ნაწიბურებისკენ მიდრეკილება.