ფუტსალში 2020 წლის მსოფლიო პირველობის მასპინძლობის საქართველოს სურვილზე ინფორმაციას ფიფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
საქართველოსთან ერთად ფუტსალის მუნდიალის მიღება კოსტა რიკას, ხორვატიას, ჩეხეთს, ეგვიპტეს, ირანს, იაპონიას, ყაზახეთს, ლიტვას, ჰოლანდიას, ახალმა ზელანდიას, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და აშშ-ს სურთ.
2020 წლის ფუტსალის მსოფლიო თასი რიგით მე-9 იქნება. მომდევნო მუნდიალი კი, რომელიც ამა წლის სექტემბერში შედგება, კოლუმბიაში გაიმართება და მასში მონაწილეობას 24 ქვეყანა მიიღებს.
ამასობაში, ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, გერმანიასთან ამხანაგური მატჩისთვის მზადება დაიწყო.
შეხვედრები სპორტის ახალ სასახლეში, 16-17 აპრილს 18:00 საათზე გაიმართება.