„ლაზარეს დასაცავად ძალიან ფართომასშტაბიან, დიდ, მძლავრ აქციაზე ვიმუშავებთ“, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
ელენე ხოშტარიას თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ლაზარე იყოს თავისუფალი და მიიღოს ის პატივისცემა, რომელსაც იმსახურებს:
„რუსულმა რეჟიმმა რუსული რევანშის სამიზნედ ლაზარე აირჩია. ადამიანი, რომელიც უნდა ამაყობდეს იმით, რომ მან დაიცვა საქართველოს ღირსება.
ეს არ არის უბრალოდ ცალკე აღებული უკანონო პოლიტიზებული საქმე. ეს არის ადამიანის ღირსების შემლახველი, ძალადობრივი, პოლიტიზებული და უნამუსო კამპანია ამ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც გამიზნულად მიმართულია ევროპული არჩევანის წინააღმდეგ.
ამიტომ, ჩვენ ყველა, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად იმისა, თუ რა საზოგადოებრივ ჯგუფს ვეკუთვნით, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს ღირსების და ევროპული არჩევანის ხაზი სწორედ ლაზარეს დაცვაზე გადის.
ჩვენ ვდებთ პირობას, რომ გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ლაზარე იყოს თავისუფალი და ლაზარემ მიიღოს ის პატივისცემა, რომელსაც ის აბსოლუტურად ყველასგან იმსახურებს. შევუერთდები აბსოლუტურად ყველა აქციას, რომელიც ლაზარეს დასაცავად იქნება მიმართული;
ვიმუშავებთ ძალიან ფართო მასშტაბიან, დიდ, მძლავრ აქციაზე ლაზარეს დასაცავად; უკვე გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ღირსების საკითხია ლაზარეს დაცვა და ყველა იმ ადამიანის დაცვა, ვინც 7-9 მარტს იცავდა ქართულ ევროპულ არჩევანს;
ჩვენ გვექნება სია ყველა იმ ადამიანის, დაწყებული ივანიშვილიდან, გაგრძელებული მისი მონა ღარიბაშვილით და დამთავრებული ყველა ბადრაგით, რომელიც დღეს ცდილობს, რომ მისი ღირსება შელახოს. პირობას ვდებ, ყველა პასუხს აგებს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 7, 8 და 9 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით, 29 მარტს დააკავეს, 31 მარტს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ამავე თემაზე:
ადვოკატი: ლაზარე გრიგორიადისს ციხეში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს
„ლაზარეს ვერ გააშავებთ“ – პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრება გააპროტესტეს