LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ოქიტაშვილი: „მინდა, ვისთვისაც ოდესმე მიწყენინებია, ბოდიში მოვუხადო. ვიყოთ ერთად, რადგან ამ ქვეყნიდან ოთხი ფიცრის მეტს, ვერაფერს წავიღებთ“

24
დავით-ოქიტაშვილი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია დათო ოქიტაშვილი, რომელმაც კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

დათო ოქიტაშვილი: 

ძალიან მკაცრი მშობლები მყავდა, ბავშვობაში ვიყავი ძალიან ცელქი. ჩემზე ამბობდნენ, ამ ბავშვს არაფერი ეშველება და ვერაფერს მიაღწევსო. გადაწყვიტეს, ამერჩია ასეთი პროფესია, მეტალურგია. დღისით მემუშავა, საღამოს მესწავლა, ეს იყო ერთგვარი დასჯა. ჯარის დრო რომ მოვიდა, მე საზღვარგარეთ წასვლა მომინდა, მინდოდა გამეგო, რა იყო დამოუკიდებელი ცხოვრება. წავედი პოლონეთში. ფაქტობრივად, ოკუპანტთა ჯარში ვმსახურობდი. ეს ორი წელი იყო გარდამტეხი. ვიყავი მარტო. რომ ჩამოვედი, „გეპეიში“ სწავლა გავაგრძელე. ბედნიერი ვარ, რომ დღეს კულტურის პალატის, პრეზიდენტის თანამდებობის პარალელურად, ვმუშაობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 16 000 სტუდენტთან მაქვს ურთიერთობა, ეს ის თაობაა, რომელიც საქართველოს ახალ ისტორიას წერს. მივხვდი, რომ ჩემი მშობლების გადაწყვეტილება სწორი იყო, არ ვიცი, დღეს სად ვიქნებოდი. დედაჩემი იყო მოცეკვავე, სახლში მუდამ ხელოვანი ადამიანები იკრიბებოდნენ. დედაჩემის ერთ-ერთ დაბადების დღეზე მოვიდა ზურაბ ჟვანია, მაშინ ის იყო „მწვანეებში“, მთხოვა, მინდა ჩემთან იყო, კულტურის სფეროშიო. დავთანხმდი და დავიწყე. მივხვდი, რომ ისტორიასთან მქონდა შეხება, დავიწყეთ რაღაცების აღორძინება. ვანო ზოდელავა მერი იყო მაშინ, ჩემზე თქვა, არც კი ვიცი, ვინ არისო. ბოლოს ხელმოწერები შეგროვდა, ჩემს წარდგენას ხელს აწერდნენ რამაზ ჩხიკვაძე, ნანი ბრეგვაძე, ნინო რამიშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია, მედეა ჩახავა, სოფიკო ჭიაურელი და სხვა ლეგენდები… როცა ეს წერილი შეუტანეს მერს, გაოგნდა. ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ დღეს ამ მიმართულებით ვმუშაობ. მედეა ჩახავა დედაჩემს ასწავლიდა, ქაშაყი როგორ უნდა დაებასტურმებინა, აი ასეთი ურთიერთობა გვქონდა ჩვენ.

პირველი ვარსკვლავი ნინო რამიშვილს გავუხსენით. მე და ილიკო ხელკავით მივდიოდით, ნინომ დამოუკიდებლად წაიცეკვა თავის ვარსკვლავთან, აჩვენა ყველას, რომ ის არ იყო ავად. ამ პროექტს ბევრი ებრძოდა და ეს პროექტი გადაარჩინა ხალხმა. იმდენი მოგონება დამიგროვდა, იმდენი კულუარულ ინფორმაციას ვფლობ, რომ იმ დღეს ვფიქრობდი, წიგნი უნდა დავწერო-მეთქი.

იყო რაღაც ინციდენტი ერთ-ერთ ჯგუფთან დაკავშირებით, რომელსაც ვარსკვლავის გახსნა სურდა…

საუბარია ჯგუფ „სახეზე“, გაუგებრობა მოხდა. მე არ გამიხსნია ეს ვარსკვლავი, ბიჭებს წარმატება მინდა ვუსურვო. ახლა პირველად ვსაუბრობ ამაზე, ექსკლუზიურად. კომისიის წევრებმა თქვეს, რომ ასეთი ახალგაზრდებისთვის ვარსკვლავის გახსნა ადრე იყო. რას თქმა უნდა, „სახემ” ისტორია შექმნა. ისინი სპორტის სასახლეს ავსებდნენ. დათო ხუჯაძემ ვერ გაიგო ეს დამოკიდებულება. ჩემ მიმართ ბევრი ტალახის სროლა წამოვიდა. მეწყინა დაუფასებლობა. კიდევ ერთი ექსკლუზივი, ახლა გამოდის უნიკალური წიგნი, ენციკლოპედიის სახით, სადაც ეწერება, როდის გაიხსნა ამა თუ იმ ადამიანის ვარსკვლავი. ახლა დაიწყებენ, რატომ არ მოხვდა წიგნში ჩვენი ამბავიო. ვერ მოხვდებოდა, იმიტომ რომ მე იმ ვარსკვლავის გახსნის ორგანიზატორი არ ვიყავი. მინდა ,ეს თემა ამოიწუროს და წერტილი დაესვას.  არ ვარ ადამიანი, რომელიც გულში რამეს იდებს. ამბობდნენ, წავიდეს სახლში, რით არ დამთავრდა დათო ოქიტაშვილიო. მაშინ დავმთავრდები, როცა ამას თავად გადავწყვეტ. მალე ზურა ყიფშიძის ვარსკვლავიც გაიხსნება, მინდა, მას წარმატებები ვუსურვო. 6 ოქტომბერს ფილარმონიაში შედგება საღამო.

როგორ შეადარებდი ძველ და ახალ შოუბიზნესს ერთმანეთთან?

იცით, პოლიტიკამ ეს ყველაფერი გაყო, ყველაფერი გაითქვიფა. ძალიან ბევრი ერთმანეთს გადაეკიდა, არ ელაპარაკებოდნენ. ასეთ რაღაცებში აღარ ვერევი, ჩემს ცხოვრებაში სხვა ეპოქა დაიწყო.კიდევ ერთ ექსკლუზივს გეტყვი, მე, ნინო და ილიკო სუხიშვილებმა ტრადიცია აღვადგინეთ, ზაფხულში დაგეგმილია მათი კონცერტები ბათუმი.

დავით ოქიტაშვილი და რუსული შოუბიზნესი…

მე მაშინაც სწორი გათვლა მქონდა, ალა პუგაჩოვა, ლაიმა ვაიკულე, სოფია როტარუ, ისინი დღეს ოკუპანტების წინააღმდეგ არიან, ასევე ვალერი მელაძე. გასაგებია, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ასეთი ადამიანები უნდა დავაფასოთ, დღეს ისინი არიან ძალიან ცუდ დღეში. პრეზიდენტმა გაყარა ქვეყნიდან. ვისაც ჩემი ქვეყანა არ უყვარს, ის საერთოდ არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს არც მისი ნიჭი. არასდროს ჩამომიყვანია აქ ისეთი ადამიანები, ვისაც ჩემი ქვეყანა არ უყვარს. ვინც მაკრიტიკებს, მინდა ვუთხრა,  ისინი მაძლიერებენ, თუ მაკრიტიკებენ, ესე იგი, რაღაცას წარმოვადგენ და საინტერესო ვარ.

დათო და ოჯახი…

ჩემმა შვილიშვილმა რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. უქმეებზე ჩემთან რჩება, აი, ხვალ სუხიშვილების კონცერტზე მივდივართ. ბედნიერია, პრინცესების კონცერტს ეძახის, აღფრთოვანებულია. მინდა, ვისთვისაც ოდესმე მიწყენინებია, შენი ეთერის მეშვეობით ბოდიში მოვუხადო. ვიყოთ ერთად, რადგან ამ ქვეყნიდან ოთხი ფიცრის მეტს ვერაფერს წავიღებთ. ახლა ისეთი დროა, ერთმანეთს მხარში უნდა ვედგეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები