LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსები წელს ბაკურიანში ნაკლებად იყვნენ… საერთო ჯამში, კმაყოფილები ვართ” – როგორ ჩაიარა ტურისტულმა სეზონმა ბაკურიანში

167
ბაკურიანი (7)

“სეზონი წინა წლის ზამთართან შედარებით, ბევრად უკეთესი იყო, არა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის გამო”, – ამბობს “ფორტუნასთან” საუბრისას ბაკურიანში მდებარე სასტუმრო “კრისტალის” გაყიდვების მენეჯერი გიორგი მაისურაძე.

მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის დროს სასტუმრო “კრისტალმა” დიდ ნაკადს უმასპინძლა და ამ პერიოდში სასტუმროში 100%-იანი დატვირთულობა იყო. მაისურაძის განცხადებით, მიუხედავად იანვარში თოვლის ნაკლებობისა, სასტუმროსთვის სეზონი წარმატებული აღმოჩნდა.

“საერთო ჯამში, კმაყოფილები ვართ. ჩემპიონატი თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყო, მანამდეც ძალიან კარგი სეზონი იყო. მიუხედავად არამდგრადი ამინდებისა, დატვირთულობა დაახლოებით 15-20%-ით გადაცდა წინა წლის მაჩვენებელს. საახალწლო პერიოდში იანვრის პირველ ნახევარში ჩვენს სასტუმროში, დაახლოებით, 80-90%-იანი დატვირთვა იყო. შემდეგ ოდნავ იკლო და თებერვლის დასაწყისიდან ისევ 90%-იან ნიშნულზე ავიდა. იანვრის პირველ ნახევრამდე სასრიალოდ კარგი თოვლი არ იყო. ჩვენი სასტუმრო მაინც სულ დატვირთული იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი აქტივობა გვაქვს, “კრისტალი” ერთადერთი სასტუმროა ბაკურიანში, რომელსაც საკუთარი საბაგირო და ყინულის მოედნები აქვს. ჩვენი საბაგირო ყოველთვის ღია იყო და მაინც დატვირთულები ვიყავით. ზოგადად, ბოლო წლებში უთოვლობა სეზონს ხელს უშლის”, – აცხადებს სასტუმროს წარმომადგენელი “ფორტუნასთან”.

"ეს არის საუკეთესოდ ჩატარებული, ძალიან კარგი რეზულტატი" - ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა

ფედერაციის გენერალური მდივნის მიშელ ვიონის განცხადებით, საქართველოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ იქცეს ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყნად.

როგორც “კრისტალის” გაყიდვების მენეჯერმა აღნიშნა, დამსვენებლების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, თუმცა ბაკურიანმა დამსვენებლების დიდ ნაკადს მეზობელი ქვეყნებიდანაც უმასპინძლა.

“იანვრის პირველ ნახევარში მეზობელი ქვეყნები ჭარბობდნენ, უფრო მეტად სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, შემდეგ უფრო მეტად ადგილობრივი ტურისტები, ქართველები. ასევე, გვყავდა ბელორუსიიდან რამდენიმე ჯგუფი. საერთო ჯამში, ზამთარში 40% არის უცხოელი და 60% ქართველი. რუსები წელს ბაკურიანში ნაკლებად იყვნენ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან არ იყვნენ”, – ამბობს მაისურაძე.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის ფასი გაიზარდა, სასტუმროში შარშანდელი ტარიფის შენარჩუნება მოახერხეს, თუმცა მომავალი წლისთვის ეს საკითხი კიდევ ერთხელ გადაიხედება.

 

შეგახსენებთ, საქართველოს სამთო კურორტმა ბაკურიანმა, 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. ჩემპიონატი საქართველოში პირველად გაიმართა და მასში 42 ქვეყნის 700- მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში, 7 სახეობაში 30 შეჯიბრი შედგა. მსოფლიო ჩემპიონატი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ჩატარდა.

 

“ბაკურიანი, საქართველო – საოცარი ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ” – “ევროსპორტის” კომენტატორი

“ქართული გუნდის მუშაობა შთამბეჭდავია, ძალიან ამაყები ვართ თქვენით!” – საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრების დირექტორი

ვინ არის სიმპათიური ქართველი სპორტსმენი, რომელიც ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გადავიდა