“თბილისის მერიამ და საკრებულომ ახალი ფანჯარა გააჩინეს კ-2 კოეფიციენტის გადამეტების, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ თბილისში დეველოპერებისათვის ახალი შესაძლებლობა ჩნდება, იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქის იერსახე დამახინჯდეს”, – ამის შესახებ საკრებულოს წევრი ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა თბილისისთვის” თავმჯდომარემ საბა ბუაძემ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, თბილისის მერის კახა კალაძის დაპირების მიუხედავად, თბილისში სამშენებლო კოეფიციენტის გაყიდვა ისევ დაუშვეს.
“თბილისის მოსახლეობას მინდა იმ მავნე ცვლილებების შესახებ მოვუყვე, რომელიც საკრებულოს ბოლო სხდომაზე თბილისის მერიის ინიციატივით მიიღეს. როგორც იცით, 2019 წლის 15 თებერვალს კახა კალაძემ თბილისელებს ზარ-ზეიმით ახარა, რომ სამშენებლო კოეფიციენტების გაყიდვა იკრძალებოდა.
რას სთავაზობს მერია ბიზნესს ავარიულ შენობებთან დაკავშირებით: "ძველ თბილისზე გარკვეული პრობლემები გვქონდა"
"ბიზნესსექტორს ავარიული სახლის მესაკუთრეებთან შეთანხმების შემდეგ, მიეცემა შესაძლებლობა, თავად მოახდინონ ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება ან რეაბილიტაცია".
თუმცა საკრებულოს წინა სხდომაზე თბილისის მერიამ და საკრებულომ ახალი ფანჯარა გააჩინეს კ-2 კოეფიციენტის გადამეტების, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ თბილისში დეველოპერებისათვის ახალი შესაძლებლობა ჩნდება, იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქის იერსახე დამახინჯდეს. ეს ცვლილება თითქოს ავარიული სახლების რეაბილიტაციისთვის დამატებით თანხების მობილიზაციის მიზნით განხორციელდა, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, იმიტომ, რომ გარდა პოლიტიკური დაპირებისა არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ჩვენი დედაქალაქის გაყიდული ინტერესებიდან შემოსული თანხა გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ ავარიული სახლების რეაბილიტაცია მოხდეს. თუ კონკრეტული ზონები არსებობს და გენერალური გეგმით განსაზღვრულია რამდენი სართულის აშენება შეეძლება თბილისში დეველოპერს, აქ დამატებით ახალი ფანჯარა ჩნდება იმისთვის, რომ კოეფიციენტები მოემატოს და ჩვენს ქალაქს წარუშლელი ზიანი მიადგეს”, – აღნიშნა საბა ბუაძემ.
საკრებულოს წევრი აღნიშნავს, რომ ახალი შესაძლებლობის ფანჯრით მმართველ პარტიასთან და თბილისის მერთან დაახლოებული დეველოპერები ისარგებლებენ.
“ეს არის უდიდესი პრობლემა, ყველა ფეხის ნაბიჯზე, ველური და აღვირახსნილი მშენებლობები, რომელსაც დედაქალაქის მერი ხელს უწყობს. ბოლო გადაწყვეტილებით დადასტურდა ის, რომ კახა კალაძე იტყუება და თავის დაპირებას უგულებელყოფს, დადასტურდა ისიც, რომ მისი მთავარი საზრუნავი დეველოპერების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაა. ყველა ის ადამიანი, რომელიც ასეთი პრეფერენციებით სარგებლობს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა “ქართულ ოცნებასთან”, უდიდესი ნაწილი კი პირადად კახა კალაძესთან და მის გარემოცვასთანაა დაკავშირებული. დიდი ალბათობით, ამ ახალი შესაძლებლობის ფანჯრით ეს ადამიანები ისარგებლებენ. ეს ყველაფერი თბილისელების ინტერესების საზიანოდ მოხდება, იმიტომ, რომ 14,39 დადგენილებაში შეტანილი ეს ცვლილებები პირდაპირ ამ რისკებს ცხადყოფს”, – განაცხადა ბუაძემ.