მოქალაქეები თბილისში, ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციის განთავსებას სპეციალურ აპლიკაციაზე შეძლებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ აპლიკაციაზე – „ფიქს თბილისი“, მერია უკვე მუშაობს.
კახა კალაძის თქმით, მოქალაქეები აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით, მუნიციპალიტეტს ინფორმაციას ცხელ ხაზზე დარეკვის გარეშე მიაწვდიან.
„ფიქს თბილისი“ – ეს არის სპეციალური აპლიკაცია, რაზედაც წვდომა ყველა მოქალაქეს ექნება. იგი იქნება მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის კომუნიკაციის საშუალება, რომლის მიზანია, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტისთვის ინფორმაციის მიწოდება ისე, რომ მოქალაქეს არ მოუწიოს ცხელ ხაზზე დარეკვა, ინფორმაცია იყოს უფრო სრულყოფილი და მუნიციპალიტეტმა შეძლოს პრობლემის მარტივად იდენტიფიცირება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მერის თქმით, აპლიკაცია თავდაპირველად გააერთიანებს საგზაო ინფრასტრუქტურის, ხე-მცენარეების, გარე განათებისა და საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანებების შესახებ ინფორმაციას:
„საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა აღნიშნული აპლიკაციის ამუშავება, რადგან ქალაქში ხშირად ზიანდება ინფრასტრუქტურა. ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევაა მასზე ოპერატიული რეაგირება.
ამის მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვექმნა ეს აპლიკაცია და თქვენთან, მოქალაქეებთან ერთად გვეზრუნა თითოეული პრობლემის მოგვარებაზე. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიყოთ ოპერატიული და ამასთან, იმ საკითხების ნუსხა გავზარდოთ, რომლის დაფიქსირებას მოქალაქე ამ აპლიკაციის საშუალებით შეძლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმითვე, აპლიკაცია პირველი მაისიდან ამოქმედდება, სადაც მოქალაქეები განახლებულ ინფორმაციას მიიღებენ, თუ რა ეტაპზეა მათ მიერ დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება.
„მოქალაქე შეძლებს დააფიქსიროს დაზიანება, გადაუღოს ფოტო, მიაწეროს მისამართი. აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის საქალაქო სამსახურს, რომლის მხრიდანაც დაიწყება განცხადებაზე რეაგირება, ხოლო ინფორმაციის მომწოდებელი მოქალაქე, ამავე აპლიკაციის საშუალებით, მიიღებს განახლებულ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა მის მიერ დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აპლიკაციის გამოყენების პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მერია საზოგადოებას მომდევნო თვეში გააცნობს.
კალაძე: მთაწმინდიდან რუსთაველზე მოხვედრა 4 წუთში იქნება შესაძლებელი
1-ელ აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის უვადო ნებართვები გაიცემა – კიდევ რა იცვლება