აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში ერთ-ერთი თავი ეხება საკითხს: „წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, დასჯა და სხვა მასთან დაკავშირებული შეურაცხყოფა“, სადაც მიხეილ სააკაშვილზეც არის საუბარი.
იხილეთ ტექსტი:
„ერთი წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ დაკავებული ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის. სახალხო დამცველმა რამდენიმე განცხადება გაავრცელა და მოუწოდა ხელისუფლებას შეესრულებინათ ექიმთა ჯგუფის რეკომენდაციები, რომლებმაც სააკაშვილი 2021 წელს გამოიკვლიეს.
სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ „პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და გადამწყვეტია კვალიფიციური სამედიცინო დახმარების დროული უზრუნველყოფა“.
6 დეკემბერს სახალხო დამცველის ინფორმაციით, სამედიცინო ექსპერტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა კვლავ გასინჯა სააკაშვილი და შეაფასა, რომ მისი ჯანმრთელობა „მკვეთრად გაუარესდა“. შესაბამისად მისი მდგომარეობა „მძიმედ“ მიიჩნიეს.
2021 წლის ოქტომბერში ქვეყანაში დაბრუნებამდე სააკაშვილი სხვადასხვა ბრალდებით, დაუსწრებლად გაასამართლეს, მათ შორის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და პარლამენტის ყოფილ წევრზე ფიზიკური შეურაცხყოფის გამო”, – ვკითხულობთ ტექსტში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე (SIS) დაყრდნობით წერს, რომ SIS იძიებდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობას, როდესაც 2021 წლის ნოემბერში მისი იძულებით გადაყვანა მოხდა რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს მონაცემთა დაცვის კანონი სააკაშვილის გადაცემის რამდენიმე საკამათო ვიდეოს გამოქვეყნებით”, – ნათქვამია ანგარიშში.