LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა კუხიანიძე „ევროვიზიაზე“: „ძალიან ვნერვიულობ… დიდი მადლობა, რომ სიმღერა ფანტასტიკურად მიიღეს და იმაზე კარგად, ვიდრე ველოდებოდით…“

2467
გიგა და ირუ

„ევროვიზია 2023“-ზე საქართველოს ირუ ხეჩანოვი წარადგენს. მისთვის სიმღერა დაწერა კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ, რომელმაც საქართველოს სამჯერ მოაგებინა ბავშვთა „ევროვიზია“, თუმცა აქამდე არასდროს მისცემია შესაძლებლობა, ემუშავა დიდების „ევროვიზიაზე“.

ირუ „ვოისის“ გამარჯვებული გახდა. მან ყველაზე მეტი ესემესი მიიღო, თუმცა მის გამარჯვებას და „ევროვიზიის“ საგზურის მოპოვებას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. სხვა მონაწილეებმა ტელეპროექტი მიკერძოებულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს. კრიტიკა ისმოდა მომღერლის პროდიუსერის, გიგა კუხიანიძის მისამართითაც.

გიგა აქამდე სიმღერაზე მუშაობდა და არ გამოუთქვამს კომენტარის გაკეთების სურვილი. ახლა კი ექსკლუზიურად fortuna.ge-სთან საუბრობს ამ მძიმე პერიოდის შესახებ.

სანამ ინტერვიუს დავიწყებდით, გიგამ აღნიშნა, რომ განსაკუთრებულად უხდის მადლობას „პირველ არხს“: „საქართველოში რომ არსებობს ეს პროექტი და ამდენი წელია, მასში მონაწილეობის საშუალება მაქვს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „პირველ არხს“ და გუნდს, რომელიც „ევროვიზიაზე“ მუშაობს!..“


გიგა, „ევროვიზიის“ ოფიციალურ პლატფორმაზე უკვე განთავსდა ირუს სიმღერა, რომლითაც ის საქართველოს წარადგენს. სიმღერა შენი დაწერილია. როგორი იყო ეს პერიოდი შენთვის? იმ კრიტიკის ფონზე, რომელიც „ვოისის“ შემდეგ წამოვიდა…

ძალიან გამიჭირდება ამ პროცესის მოყოლა… არც მინდა, რაღაცები გამახსენდეს. ძალიან დაძაბული პერიოდი იყო, ცუდად მახსენდება. ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი, დედლაინამდე, როცა სიმღერა უნდა გამზადებულიყო, დრო არ მყოფნიდა და ძალიან ვნერვიულობდი. სიმღერა არ მქონდა დაწერილი. დაჩქარებულ ტემპში ვიმუშავე. ორი კვირა სტუდიაში ვიყავი, სახლშიც არ მივსულვარ.

მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან მთავარია, რომ ხალხის შეფასება არის დადებითი და პოზიტიური. უამრავმა ადამიანმა ნახა ერთ ღამეში. მოჰყვა ფანების დადებითი გამოხმაურებები, რაც ძალიან მახარებს. როცა „ევროვიზიისთვის“ აკეთებ სიმღერას, მთავარია, ვინც უყურებს ამ კონკურსს, მას მოეწონოს.

კომენტარებში ფინალში გასვლას გვიწინასწარმეტყველებენ. შენ რას იტყვი?

ზოგადად, არავინ იცის, კონკურსზე რა მოხდება. სანამ სიმღერას გამოვუშვებდით, მანამდე იყო ძალიან დიდი მოლოდინი – იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც აინტერესებდა საქართველოს პროდუქტი. თავიდანვე ვიყავით კარგ პოზიციებზე. გიგა რომ წერს და ირუ მღერის, „ევროვიზიის“ მცოდნეები ამას ძალიან ელოდებოდნენ – მეც მიცნობენ და ირუს – ბავშობიდან, რადგან უკვე აქვს საბავშვო „ევროვიზიაზე“ მონაწილეობის გამოცდილება. აკვირდებოდნენ მის ნამუშევრებს, მანამდე გავრცელებული კლიპები აიტაცეს.

ამ მოლოდინის მეშინოდა. როცა რაღაც მოლოდინი უკვე არსებობს, შეიძლება, ის ვერ გამართლდეს. ღმერთის წყალობით, დიდი მადლობა, რომ ფანტასტიკურად მიიღეს და იმაზე კარგად, ვიდრე ველოდებოდით. ყველა კომენტარს გავეცანი. ის, რაც უნდა მომხდარიყო, მოხდა – მიიღეს, მოსწონთ, აღიარებენ, წარმატებას გვისურვებენ, მოდის უამრავი მესიჯი. კონკურსზე რა მოხდება, რა ხმებს ავიღებთ, ჩვენი პატარა ქვეყანა რას მოახერხებს, ეს ცალკე საკითხავია. იმედები მაქვს. ძალიან აინტერესებთ, როგორი პერფორმანსი იქნება ცოცხლად, როგორ იმღერებს ირუ. ყველა კითხულობს, ძალიან რთული სიმღერა აქვს საქართველოს და ნეტავ, ირუ როგორ შეასრულებსო ? მინდა, ყველა დავამშვიდო – როცა ირუმ ლაივში უნდა იმღეროს, არასდროს ვნერვიულობ. ძალიან გაწონასწორებულია სცენაზე, მობილიზებულია და იცის საკუთარი თავის მართვა. არავითარ შემთხვევაში არ გააფუჭებს ნაშრომს. ირუ ძალიან კარგად იმღერებს. დანარჩენი ყველაფერი ბედია და რა მოხდება, არავინ იცის. ერთ ღამეში 240 000-ზე მეტი ნახვა აქვს „იუთუბზე“. ეს, მგონია, კარგი დასაწყისია. ამბობენ, რომ ეს პირველად ხდება. ვამაყობ და მიხარია!..

დიდების „ევროვიზიაზე“ პირველად მუშაობ, როგორც კომპოზიტორი. რაიმე განსხვავება არის საბავშვოსგან?

მიხარია, რომ ეს საშუალება მომეცა. ვერაფრით  ვიტყვი, რომ რაიმე განსხვავებაა. მასშტაბით, რა თქმა უნდა, მაგრამ სიმღერის წერის პრინციპი იგივეა – კარგი უნდა გამოგივიდეს. მუსიკის ენა ერთია. საბავშვოზე წლებია, კარგი სახელი გვაქვს. სულ ამბობენ, რომ რა თქმა უნდა, საქართველო კარგ პროდუქტს შემოგვთავაზებსო. ახლა გვინდა, ამოვქაჩოთ ის წლები, როცა დიდების „ევროვიზიაზე“ ფინალში არ გადავსულვართ.

მიზანი ეს არის?

მიზანი, ხომ იცით, როგორი რამაა – რასაკვირველია, პირველი ოცნება ფინალში გადასვლაა. ყველაზე რთული წელი დამემთხვა. ყოველთვის განსაკუთრებულ სირთულეებს გავდივარ. ფინალში ჟიური მოხსნეს. ჟიური ყოველთვის პროფესიონალურად აფასებდა და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი იყო. მხოლოდ ხალხის რეაქციასა და ხმებზე ვიქნებით დამოკიდებული. ხალხს შეიძლება, სულ სხვა რამ მოეწონოს, ამას ვერავინ გათვლის წინასწარ. ჟიური და ხალხის ხმები ერთად ერთმანეთს აბალანსებდა, ამიტომ „ევროვიზიაზე“ ძალიან რთული წელია. დღემდე არ მჯერა, რომ დიდების „ევროვიზიაზე“ მივდივარ. მგონია, ნულ კლასში დავჯექი. არ ვიცი, რამდენად შემერგება ამ ნატვრის ახდენა. ძალიან ვნერვიულობ…

კომენტარი არ გაგიკეთებია, როდესაც ირუს და შენ დიდი კრიტიკა გხვდათ წილად „ვოისის“ მოგების შემდეგ – რატომ იყო ასეთი აგრესია, როგორ ფიქრობ?

არ ვიცი და ვერაფრით ვხსნი. ეს, ალბათ, იმ ადამიანების პრობლემაა, ვინც არ მიცნობს და არ იცის ჩემი პიროვნების შესახებ. დღემდე ყველა ნაბიჯით ვამაყობ, არა მხოლოდ „ევროვიზიაზე“, არამედ ქუჩაში რომ ნაბიჯსაც გადავდგამ. სულ ვფიქრობ, კეთილი საქმე ვაკეთო და არავის ვაწყენინო. ერთს ვიტყვი – ამ ქვეყნისთვის ბევრი კეთილი საქმე გამიკეთებია. ვიღაცისთვის გოიმი ვარ, ვიღაცისთვის – უნიჭო. როცა ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგები, ზოგმა უნდა მოგიწონოს, ზოგმა – არა. უამრავ ადამიანს ვუყვარვარ და უამრავი გულშემატკივარი მყავს. ყოველ წელს ეს მაძლევს სტიმულს, თავდაუზოგავად ვიშრომო. ეს არის სახალხო პროექტი, ადამიანები უნდა გაახარო და შენი ქვეყანა წარმოაჩინო საუკეთესოდ. პატრიოტი ვარ და უამრავი შეთავაზების მიუხედავად, არსად წავედი. ყოველთვის მიხარია, თუკი ჩემს ქვეყანას რაღაცას გავუკეთებ…

გულნატკენი ხარ, როგორც გატყობ…

43 წლის კაცი ვარ და ბევრი რამის გადახარშვა შემიძლია მარტივად. რა თქმა უნდა, საწყენია, მაგრამ ამ ბავშვს რაც გაუკეთეს, დიდი უსამართლობაა. მან მიიღო ყველაზე მეტი ესემესი და სამართლიანად გაიმარჯვა. რა დავაშავეთ?! ვიღაცას ხომ უნდა მოეპოვებინა გამარჯვება? ვფიქრობ, ეს ყველაფერი დასავიწყებელია. კომენტარი მართლაც არ გამიკეთებია აქამდე და არც მეგონა, რომ როდისმე ამაზე ვილაპარაკებდი…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები