გასულ ხუთშაბათს, 21 იანვარს, შსს-ს მიერ წადგენილი კანონპროექტის ”საგზაო უსაფრთხოების შესახებ” პირველი საპროცესო განხილვა მოხდა. განხილვას უმცირესობისა და უმრავლესობის წევრების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
განხილვის დეტალებთან დაკავშირებით ”ავტორადიო” ”ეკო-ტრანსპორტ ცენტრის” დირექტოს, ვასო ურუშაძეს დაუკავშირდა, რომელმაც საკმაოდ მწვავედ ისაუბრა მიმდინარე პროცესებზე და გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს შენიშვნაც მისცა და ხალხის მოტყუებაში დასდო ბრალი…
იყვნენ თუ არა მზად პარლამენტის წევრები კანონპოროექტის განსახილველად?
ჩვენი ადვოკატირების კამპანიის და მონიტორინგის პროცესში, სახელმწიფო წყობის ძალიან საინტერესო და უცნაური ფორმა აღმოვაჩინეთ.
შსს-ს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, მიუხედავად იმისა რომ პიროვნულად ცუდი ადამიანი არ არის, დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ის იყო უბრალოდ ამბის მომტანი პარლამენტში. მან წარმოადგინა საკანონმდებლო ინიციატივა, მაგრამ არანაირი არგუმენტი არ გააჩნდა თავისი პოზიციების გასამყარებლად.
რაც შეეხება პარლამენტის წევრებს, ერთის მხრივ ყველა უმრავლესობის წევრმა გააკრიტიკა კანონპროექტი და ჰქონდათ შენიშვნები. ისინი აღნიშნავენ, რომ ამ კანონპროექტის მიღების აუცილებლობა დღის წესრიგში არ უნდა დამდგარიყო, რომ ეს კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის და ადგილობრივ კანონმდებლობასთან, რომ კანონპროექტის იდეა არ იყო გამყარებული არგუმენტებით და ასე შემდეგ. მაგრამ მეორეს მხრივ დავინახეთ, რომ კენჭისყრის დროს უმრავლესობის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს.
შესაბამისად დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს დღეს ნოტარიუსის ფუნქცია. დეპუტატები არ არიან შეზღუდულები აზრის გამოხატვაში მაგრამ როცა საქმე ეხება მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, მათ აუცილებლად მხარი უნდა დაუჭირონ.
რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები და ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი”, არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკური გაერთიანებები. ისინი ყველა სატელევიზიო ეთერს იყენებდნენ, იმისთვის, რომ ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგე ადამიანების გული მოეგოთ, თუმცა, როცა საქმე საქმეზე მიდგა, ისინი საკომიტეტო მოსმენაზე არც კი გამოცხადებულან. მაშინ როცა ეს იმ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ, შესაბამისად პირადად მე, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე ამ პოლიტიკური ძალებისადმი ნდობა დავკარგე. მხოლოდ უმცირესობის ფრაქცია, ნაციონალური მოძრაობის წევრები ესწრებოდნენ საკომიტეტო მოსმენას და უწევდნენ ოპონირებას მინისტრის მოადგილეს, რისთვისაც მინდა მადლობა გადაუხადო იმიტომ, რომ მათაც შეეძლოთ დერეფანში მიეცათ ინტერვიუ და გზა გაეგრძელებინათ, როგორც ეს სხვა პირებმა გააკეთეს. მსგავსი “მუქთახორა” პარლამენტარების ეპოქა საქართველოში უნდა დასრულდეს.
განხილვის ფარგლებში, იქნა თუ არა გაჟღერებული ინფორმაცია კანონპროექტში ცვლილებებთან დაკავშირებით? ან მოხდა თუ არა რაიმე სიტყვიერი შეთანხმება?
საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე, შსს-ს მინისტრის მოადგილის მხრიდან გაიჟღერა ფრაზამ, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის თარიღი შეიცვლება და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მიეცემათ გონივრული ვადა, თუმცა მინისტრის მოადგილეს არ ქონდა პასუხი ჩვენს შეკითხვებზე, თუ რა თარიღს გულისხმობდა ის გონივრულ ვადაში. კანონპროექტში არანაირი ჩასწორება არ მომხდარა და დღეს პარლამენტის რეგისტრირებულ საკანონმდებლო პაკეტში, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის თარიღი კვლავ 1 მარტია, რა მოხდება მომავალში ამას დრო გვიჩვენებს.
რა იქნება პროტესტის შემდეგი ფორმა და გამოიღებს თუ არა რაიმე შედეგს სამოქალაქო აქტივობა?
ჩვენ რა თქმა უნდა პროტესტის შეწყვეტას არ ვაპირებთ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება შეთამხდება თუ არა გონივრულ ვადაზე ბიზნესსექტორთან, ჩვენ საპროტესტო აქციებს გავაგრძელებთ და ასევე აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში.
გამომდინარე იქედან, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტანდარტებს და კანონმდებლობას, ასევე ზღუდავს ადამიანის არჩევანის თავისუფლებისა და საკუთრების უფლებას. გარდა ევროკავშირის კანონმდებლობისა, აღნიშნული კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის ადგილობრივ კანონმდებლობასთანაც, კონკრტულად კი საქართველოს კანონთან, პროდუქტის უსაფრთხოებისა და საგნების თავისუფალი მიმოქცევის შესახებ, რაც არის იმის გარანტი, რომ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ დავას საკონსტიტუციო სასამართლოში.