დღეიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს. კობა გვენეტაძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის შვიდწლიანი ვადა გუშინ ამოეწურა.
შეგახსენებთ, 9 თებერვალს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა მმართველი პარტიის წევრების მიერ ინიცირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკის შემადგენლობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ემატება და განისაზღვრება, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სამი ვიცეპრეზიდენტი და სხვა წევრები შედიან. აღნიშნული კანონპროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს ავალებს.
პრეზიდენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო
„ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს 23 თებერვალს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არასაჭირო უწოდა და ვეტო დაადო.