LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი არჩევის შემთხვევაში ნამდვილად ვერ გავხდები ვერც ლომჯარია, ვერც ბურჯანაძე და ვერც ჯანეზაშვილი“ – ლევან იოსელიანი გვარამიას, დეკანოიძეს და წითლიძეს პასუხობს

372
ფორტუნა (69)

„გუშინ სამმა ადამიანმა, ნიკა გვარამიამ, ხატია დეკანოიძემ და ანა წითლიძემ საჯაროდ დამისვეს შეკითხვა/გამოთქვეს მოსაზრება, ჩემს სახალხო დამცველობასთან დაკავშირებით. მინდა, სამივეს გამოვეხმაურო,“ – ამის შესახებ პარლამენტის წევრი პარტია „მოქალაქეებიდან“ ლევან იოსელიანი ავრცელებს განცხადებას და პატიმრობში მყოფ „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას პასუხობს.

„ვარ თუ არა პოლიტპატიმარი და ეთანხმები თუ არა სახალხო დამცველის დასკვნას ამ საკითხზე?” – ნიკა გვარამია ლევან იოსელიანს

„ვარ თუ არა პოლიტპატიმარი?“ –  ამ კითხვით მიმართვა გვარამიამ ლევან იოსელიანს, რომელიც პარტიამ სახალხო დამცველობის კანდიდატად დაასახელა.

პარტია „მოქალაქეები“ სახალხო დამცველობის კანდიდატად ლევან იოსელიანს წარადგენს

ნიკა გვარამია გამარჯობა, ნამდვილად სწორია, პატიმრობაში მყოფმა ადამიანმა საჯაროდ დაუსვას შეკითხვები სახალხო დამცველობის კანდიდატს. მეც მზად ვარ, საჯაროდ დასმულ ყველა შეკითხვას, პასუხი ასევე საჯაროდ გავცე. მიმაჩნია, რომ ჩემი განცხადებები შენს საქმესთან დაკავშირებით არასდროს ტოვებდა ორაზროვან შთაბეჭდილებას, მაგრამ ვხვდები, საშუალება არ გქონდა ყველაფრისთვის მიგედევნებინა თვალი. შენი დაპატიმრების პირველი დღიდან მეც ისე, როგორც ალეკო ელისაშვილს, არაერთხელ გაგვიცია მკაფიო პასუხი შენს შეკითხვაზე და კიდევ ერთხელ, როგორც მოქმედი პოლიტიკოსი და სახალხო დამცველობის კანდიდატი ვაფიქსირებ, რომ შენი პატიმრობა არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი, არანაირი წინაპირობა წარდგენილი ბრალის ფარგლებში, გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, როგორც სასჯელის ზომა, არ არსებობდა.

რაც შეეხება ტექსტის იმ ნაწილს, უნდა გქონდეს თუ არა ჩემი იმედი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩემი იმედი უნდა გქონდეს, არა მარტო შენ, არამედ ყველა პატიმარს, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მე ვიქნები ჩემთვის მონიჭებული მანდატის ფარგლებში, მათი უფლებების დაცვაზე ეფექტური ზედამხედველი.

და ბოლოს მინდა გისურვო, მხნეობა და მალე განთავისუფლება პატიმრობისგან, რომელსაც ვთვლი, რომ ღირსეულად იტან.

ხატია დეკანოიძე – ასევე მადლობელი ვარ შეკითხვებისთვის და ჩემი პიროვნების შესახებ გულწრფელი და კარგი სიტყვებისთვის.
საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის დამოკიდებულება ე.წ აგენტების კანონის შესახებ. ის არის ერთმნიშვნელოვნად ძალიან უარყოფითი. ინიცირების დღიდანვე, როგორც პარლამენტში, ისე საჯარო სივრცეში ვეწინააღმდეგებით მის მიღებას. ის საფრთხეს უქმნის ევროპულ პერსპექტივას, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას და ემსახურება მათთვის ჯაშუშის იარლიყის მიკერებას.

რაც შეეხება სააკაშვილის ნაწილს, ჩვენი პოზიცია ცნობილია, ის არ მიგვაჩნია პოლიტპატიმრად. თუმცა ვთვლით, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობის დაცვა და მისთვის ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურების მიწოდება, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. ასევე, დავძენ, რომ სახალხო დამცველის არცერთ ანგარიშში არ გვხვდება მისი, როგორც პოლიტიკურ პატიმრად შეფასება.

რაც შეეხება უმცირესობების დაცვის საკითხს, ჩემი შეხედულებით სახალხო დამცველის ინსტიტუტის უმთავრესი ამოცანა და მიზანი სწორედ მათი და საზოგადოების ყველა სხვა დაუცველი ჯგუფის უფლებების დაცვა და რეალიზებაა, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა სხვებთან ერთად თანასწორად ისარგებლონ თავიანთი უფლებებით, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ სრულყოფილ მონაწილეობას.

ანა წითლიძე – მეც გიდასტურებ ჩემს პიროვნულ პატივისცემას და ამის შესახებ შენც ძალიან კარგად იცი. თუმცა, იმასთან დაკავშირებით, რომ მე არ ვიქნები ნეიტრალური, ვერ მივიღებ პრეტენზიას იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელმაც მეცხრე მოწვევის პარლამენტში წინა სახალხო დამცველს სწორედ არანეიტრალურობის მოტივით არ დაუჭირა მხარი. თუმცა, ამავე დროს მთხოვ ვიყო, ლომჯარია, ბურჯანაძე და ჯანეზაშვილი.

ჩემი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში ნამდვილად ვერ გავხდები ვერც ლომჯარია, ვერც ბურჯანაძე და ვერც ჯანეზაშვილი, ვინაიდან ვიყავი, ვარ და ვიქნები ლევან იოსელიანი.“ – წერს ლევან იოსელიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები