საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2023 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით 317.70 მლნ ლარით, ანუ 0.71%-ით შემცირდა და იანვრის ბოლოს 44.47 მლრდ ლარი შეადგინა.
უწყების ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 189.93 მლნ ლარით, ანუ 0.77%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 127.77 მლნ ლარით, ანუ 0.63%-ით შემცირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.37 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 3.07%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოური ვალუტით – 12.37 მლრდ ლარის, რაც წინა თვეს 1.73%-ით ჩამორჩება.
ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვრის განმავლობაში 0.55%-ით, ანუ 130.95 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და იანვრის ბოლოსათვის 23.79 მლრდ ლარი შეადგინა.
2023 წლის იანვრის ბოლოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.01 პროცენტი შეადგინა და წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით შემცირდა 0.03 პროცენტული პუნქტით.