“დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ეს ადასტურებს, რომ არა მხოლოდ ცენტრალურ ევროპაში, არამედ საქართველოშიც შეიძლება, მოეწყოს ასეთი შესანიშნავი ტურნირი”, – ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა, იოჰან ელიაშმა ბაკურიანში განაცხადა, სადაც ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობას დაესწრო და ჩემპიონატისთვის შექმნილი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იოჰან ელიაშმა ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატი, მისი მომზადების დონე და საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ბაკურიანში სათხილამურო ტრასები და თოვლის ხარისხი ფანტასტიკურია, ამიტომ დიდ პოტენციალს ხედავს.
“თქვენ გაქვთ შესანიშნავი მთები, რომლებიც ხელს გიწყობთ. ვფიქრობ, ამ მთებს დიდი პოტენციალი აქვთ ზაფხულის თვეებსა და სეზონის დასაწყისში, რადგან ამ პერიოდში ადამიანებს სხვა ნახევარსფეროში გამგზავრება უწევთ სავარჯიშოდ. საქართველო უფრო ახლოსაა. სათხილამურო ტრასები და თოვლის ხარისხი ფანტასტიკურია, ამიტომ ვხედავ აქ დიდ პოტენციალს. ცხადია, ჩვენ შეგვიძლია, დავბრუნდეთ და მეტი ღონისძიება მოვაწყოთ მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირის ფარგლებში. ეს შესანიშნავი პიარია ქვეყნისთვის და, ზოგადად, ტურიზმის პოპულარიზაციისთვის. ამით შეიძლება, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები”, – აღნიშნა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა.
საქართველოს სამთო კურორტი ბაკურიანი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ბაკურიანი 2023-ის ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ტარდება, რომელშიც 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი ასპარეზობს. მსოფლიო ჩემპიონატზე 7 სახეობაში 30 შეჯიბრი ჩატარდება. ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება, ორგანიზატორი კი – მთის ტრასების სააგენტო და საქართველოს სათხილამურო ფედერაციაა.