LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს იყო ცალსახად არაპროფესიონალურად მომზადებული და მიკერძოებული სიუჟეტი” – ფინანსთა სამინისტრო NBC News-ზე გასულ სიუჟეტს ეხმაურება

121
nbc (1)

“ავტორის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ ციტატა: “საქართველოზე გადის პრეზიდენტ პუტინის მომარაგების ხაზი” და რომ რუსეთი მკაცრ სანქციებს საქართველოს დახმარებით არიდებს თავს, – არის სრული სიცრუე და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია”, – ასე ეხმაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ტელეკომპანია NBC News -ის ჟურნალისტის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, კირ ჰარდი ბრენან-სიმონსის მიერ საქართველოში 24 თებერვალს მომზადებულ სიუჟეტს

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“კიდევ ერთხელ, სრული კატეგორიულობით ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ თემაზე გამოთქმული ყველა მოსაზრება, მათ შორის, რიგ საერთაშორისო მედიაში, ასევე, ზოგიერთი ადგილობრივი თუ უცხოელი პოლიტიკოსის განცხადება – არის მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდი და სპეკულაცია.

საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს.

აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა რისკის პროფილები, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები.

ამასთან, სწორედ საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ დამატებით განთავსდა საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობა, მათ შორის, რენტგენო-სკანერები. ასევე, გაძლიერდა სხვა გამშვები პუნქტების შესაძლებლობები შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, შემოსავლების სამსახურს საშუალება მიეცა მიეღო საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმაზე DOLFIN-ზე დაშვება. ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის 2 თანამშრომელმა უკვე მოიპოვა ექსპერტის სერტიფიკატი.

აღსანიშნავია, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ საერთაშორისო გადაზიდვების ფარგლებში, არის ერთ-ერთი უმოკლესი სახმელეთო გზა რუსეთის ფედერაციასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის. ასევე, აღნიშნული გზა თურქეთს აკავშირებს რუსეთთან და მთელი ეს სატრანზიტო დერეფანი მკაცრად კონტროლდება რუსეთ-საქართველოს საზღვარზე და ყველა შესაბამისი პროცედურების შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნებმა, მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ. მათ შორის სანქციები შეეხო აღნიშნული ქვეყნებიდან მსუბუქი ავტომობილების რუსეთში ან ბელარუსში შეტანასაც, თუმცა, აღნიშნულ შემთხვევებში, ტვირთი რომ ჩაითვალოს სანქცირებულად, მსუბუქი ავტომობილის ღირებულება უნდა იყოს 50 000 აშშ დოლარზე მეტი (აშშ-ის სანქციების მიხედვით) ან 50 000 ევრო და მეტი (ევროპის საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების მიხედვით). აღნიშნული შეზღუდვა, უწყების მხრიდან, მკაცრ მონიტორინგს/აღსრულებას ექვემდებარება (აღსანიშნავია, რომ აკრძალვა არ ვრცელდება იმ მსუბუქ ავტომობილებზე, რომლებიც არის ფიზიკური პირის პირად საკუთრებაში, გამოიყენება მისი პირადი სარგებლობისთვის და არ არის განკუთვნილი გასაყიდად).

რაც შეეხება, ამავე სიუჟეტში ნახსენებ ქსეროქსის პრინტერების მელანს – თუნდაც ისინი ყოფილიყო აშშ-დან ან ევროკავშირიდან, აღნიშნული საქონელი არ ხვდება არც ამერიკის, არც ევროპისა და არც სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნების სანქცირებული საქონლის სიაში. შესაბამისად, მათი გადაადგილების შეზღუდვა ჩვენი მხრიდან ვერ განხორციელდებოდა.
ასევე, სიუჟეტში ასახულ სატვირთო მანქანების რიგებს – ზამთრის პერიოდში, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, პერიოდულად შეფერხებულია ავტოტრანსპორტის გადაადგილება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის, გუდაური-კობის მონაკვეთზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დარიალის ხეობაში არსებულ ,,ყაზბეგის” საბაჟო გამშვებ პუნქტს ხშირად უწევს საგანგებო რეჟიმში მუშაობა. მეტეოროლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემდეგ კი საბაჟო–გამშვები პუნქტი მუშაობას სრული დატვირთვით აგრძელებს და შესაბამისად, მოლოდინის რეჟიმში მყოფი სატრანსპორტო საშუალებები შეუფერხებლად ახორციელებენ დანიშნულების ქვეყნებისკენ გადაადგილებას.

რაც შეეხება ქვეშეთი-კობის საერთაშორისო მნიშვნელობის გვირაბს, ძალიან სამწუხაროა, რომ სიუჟეტის ავტორს არ უხსენებია, რომ ეს პროექტი ფინანსდება ავტორიტეტული დონორი საერთაშორისო ინსტიტუტების – აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ. პროექტზე 2019 წლის თებერვლის თვეში გამოცხადებული იყო საერთაშორისო ტენდერი სწორედ ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წესებით და ამავე წესების მკაცრი დაცვით განხორციელდა კონტრაქტორი კომპანიის შერჩევა. შესაბამისად, უხერხულია მისი დაკავშირება რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების მცდელობასთან მით უფრო, რომ ეს პროექტი დამტკიცდა რამდენიმე წლის წინ, რუსეთ-უკრაინის ომამდე.

ნამდვილად დასანანია, რომ სიუჟეტის ავტორის მხრიდან არ ყოფილა არანაირი კომუნიკაციის მცდელობაც კი, იმ სახელმწიფო უწყებებთან, რომლებიც კომპეტენციის ფარგლებში, უფრო მეტ სიცხადეს შეიტანდნენ ,,ყაზბეგის” საბაჟო გამშვებ პუნქტზე შექმნილ ვითარებასთან და კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის პროცედურებთან დაკავშირებით, რაც გასაკვირია საერთაშორისო მედიის მხრიდან.

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ცალსახად არაპროფესიონალურად მომზადებული და მიკერძოებული სიუჟეტი, რომელიც კიდევ ერთხელ იქნა გამოყენებული საქართველოს დისკრედიტაციისთვის, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიასაშუალებებს, საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებთან დაკავშირებით რეალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდნენ იმ სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები ამ პროცესში.

NBC News-ის ჟურნალისტის მიერ მომზადებული ინფორმაცია: http://bit.ly/3Y2yRgT