„ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავე, შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე“, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
კასიანოვი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს „ურჩევს“ ფრონტზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალური ინფორმაცია გამოიყენონ და არა რუსული პროპაგანდის ტყუილი.
„გენერლებს“ ვურჩევდით, მიმართონ გეოგრაფიისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოებს, რათა გაიგონ, რა ფართობის ტერიტორიები და რა მნიშვნელობის ქალაქები გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ გაჩაღებული დაუნდობელი ომის ამ წელს. ეს არის უკრაინის სუვერენული ტერიტორიის 80 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი, ისევე როგორც ათასობით ჩვენი ქალაქისა და სოფლების გათავისუფლება მათ შორის, ისეთი ქალაქებისა, როგორიცაა ხერსონი – უკრაინის ერთადერთი რეგიონალური ცენტრი, რომლის აღება რუსმა დამპყრობლებმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდანვე მოახერხეს.
„რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის დახმარების საკონტაქტო ჯგუფის მე-9 შეხვედრაზე შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის გენერალმა, მარკ მილიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე წააგო სტრატეგიულად, ოპერატიულად და ტაქტიკურად და ყოველდღიურად დიდი ფასს იხდის ბრძოლის ველზე“, – განაცხადა კასიანოვმა.
ამასთან, როგორც საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა აღნიშნა, უკრაინული მხარე იმედგაცრუებულია უმაღლესი რადას მოწვევით, საქართველოს ხელისუფლების უკრაინაში ჩასვლაზე უარის თქმის გამო, თუმცა უფრო მეტად გაუგებარია ასეთი მოწვევის მიღების ფაქტის დამალვა.
„ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ გარკვეული პოლიტიკოსებისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოთქმულ ნებისმიერ ბრალდებებს საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩაბმის მცდელობასთან დაკავშირებით“ – განაცხადა ანდრი კასიანოვმა.
დღეს, 24 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე მან მადლობა გადაუხადა ოპოზიციონერ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც კიევში იმყოფებიან.