LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით, „ხალხის ძალისა“ და „საქართველოსთვის“ დეპუტატებს ე.წ. პოლიტიკური ჯგუფების შექმნა შეეძლებათ

136
251583075_0_364_3001_1564_1920x0_80_0_0_cdd36bd397e91ddc1d07a418ffbd6475

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა “ხალხის ძალის“ დეპუტატების კანონპროექტს, რომლის მიხედვით, თუკი ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული დეპუტატები ფრაქციას და პარტიას დატოვებენ, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილების გათვალისწინებით, პოლიტიკური ჯგუფს შექმნიან როგორც “ხალხის ძალის“, ასევე პარტია “საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.

2024 წლამდე პარლამენტში მოქმედებს წესი, რომლის მიხედვით, პარლამენტის არანაკლებ ორ წევრს პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეუძლია, თუმცა “ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან გასული დეპუტატები პოლიტიკურ ჯგუფებს ვერ ქმნიან. ამის მიზეზი რეგლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი ჩანაწერია, რომლის მიხედვით, ერთი პარტიის სიით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ პოლიტიკური ჯგუფი შექმნან, თუკი იმავე პარტიის წარდგენით არჩეულ დეპუტატებს ფრაქცია აქვთ შექმნილი. იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნება“ არსებობს, მისი შემადგენლობიდან გასული დეპუტატები პოლიტიკურ ჯგუფს ვერ ქმნიდნენ – მათ დღემდე უფრაქციო პარლამენტის წევრის სტატუსი აქვთ.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პოლიტიკური ჯგუფი იმავე უფლებებით სარგებლობს, რაც საპარლამენტო ფრაქციას აქვს, მათ შორის დაფინანსების მხრივ. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიეცემა გასამრჯელო – 5 540 ლარის ოდენობით. პოლიტიკური ჯგუფისათვის პარლამენტის სასახლეში გამოიყოფა სამუშაო ფართობი.

ჯგუფის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხა, ჯგუფში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრება. ჯგუფის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდი კი განისაზღვრება ჯგუფის წარმომადგენლობის პროპორციულად და ფრაქციის ანალოგიურად.

ამ ეტაპზე, თითოეული ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხის, მათ შორის ფრაქციის თანამშრომელთა სახელფასო ფონდის ოდენობა თვის განმავლობაში მოიცავს 10 890 ლარის (საბაზისო თანხის), ფრაქციის წევრთა რაოდენობის 726 ლარზე ნამრავლის, აგრეთვე ჯანმრთელობის დაზღვევით, ტრანსპორტითა და მობილური სატელეფონო კავშირის მომსახურებით უზრუნველყოფის თანხების ჯამს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები