LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პანდემიით გამოწვეული სტრესის დროს სექტორმა მოსალოდნელზე უკეთესი მდგრადობა აჩვენა” – ეროვნული ბანკი

122
ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევა შეიმუშავა, რომელიც საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს და მასზე მოქმედ ფაქტორებს მიმოიხილავს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კვლევაში მოცემულია ისეთი დეტალები, როგორიცაა საცხოვრებელი უძრავი ქონების მოთხოვნისა და მიწოდებაზე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორები, მათი შედარება ევროპის ქვეყნებთან, საკრედიტო რისკების შეფასება, უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის პირველადი კვლევა და სექტორში არსებული სტატისტიკური მონაცემები.

კვლევაში ასევე განხილულია დეველოპმენტის სექტორის ბიზნეს სესხების შესახებ დეტალური ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობა სებ-ის კონსოლიდირებულ მონაცემებს და მსესხებელი კომპანიების გარკვეული ფინანსური მაჩვენებლები გეოგრაფიული არეალისა და ტიპის გათვალისწინებით, მათ შორის 2022 წლის I-III კვარტლის ფასების ცვლილება მშენებარე კორპუსებში.

„პანდემიით გამოწვეული სტრესის დროს სექტორმა მოსალოდნელზე უკეთესი მდგრადობა აჩვენა, რაც გარკვეულწილად როგორც სახელმწიფო, ისე საფინანსო სექტორიდან მიღებულმა შეღავათებმა განაპირობა“, – აღნიშნულია კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის მნიშვნელოვნება საბანკო სისტემაში მატერიალურად გაიზარდა. ბოლო ოთხ წელიწადში სექტორის საკრედიტო პორტფელი დაახლოებით 2.5-ჯერ გაიზარდა და 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ბიზნეს პორტფელის 5,9%, ანუ 1.516 მილიარდ ლარს შეადგენდა.

„თბილისში საშუალოდ უფრო დიდი ბინები პროექტდება (85 კვ.მ.) ვიდრე სხვა დანარჩენ ქალაქებში. ბათუმში სანაპირო ზოლში მდებარე კორპუსებში ბინები საშუალოდ მხოლოდ 38 კვ.მ-ია, ცენტრალურ ნაწილში კი 75 კვ.მ. სხვაობა ბინების მიზნობრიობიდან გამომდინარეობს, სანაპირო ზოლი ნაკლებად გამოიყენება საცხოვრებლად და ის უფრო საინვესტიციო დანიშნულებისაა, ვინაიდან საკურორტო ზონაა. ასევე განსხვავებაა თბილისის უბნებს შორისაც, კერძოდ ცენტრალურ უბნებში უფრო დიდი ფართობის მქონე ბინები პროექტდება ვიდრე გარეუბნებში. თბილისის ერთი კორპუსი საპარკინგე ადგილების საშუალო მოცულობით ბევრად აღემატება ნებისმიერი სხვა ქალაქისას. კერძოდ ერთ ბინაზე დაანგარიშებული პარკინგების რაოდენობით თბილისი 3-ჯერ აღემატება ბათუმს, სადაც პარკინგების გათვალისწინება ფაქტობრივად არ ხდება. პარკინგების კუთხით უფრო ცუდი ვითარებაა ბაკურიანში, თუმცა განსხვავებით დიდი ქალაქებისგან, აქ გარე ტერიტორია ჯერჯერობით იძლევა დაპარკინგების საშუალებას“, – აღნიშნულია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კვლევის შედეგები საბანკო ასოციაციის ჩართულობით უკვე გააცნო კომერციულ ბანკებს. დღეიდან კი ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით აღნიშნული შედეგების გაცნობა დაინტერესებული საზოგადოებისთვისაც იქნება შესაძლებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები