2022 წლის IV კვარტალში ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოების რაოდენობა 13 ერთეულით გაიზარდა და შესაბამისად ქვეყანაში 118 სასაკლაო ფუნქციონირებდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
საქსტატის ცნობით, სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითადი შედეგების მიხედვით, სასაკლაოთა დიდი ნაწილი – 18.6% ქვემო ქართლის რეგიონში მდებარეობს, 17.8% – კახეთის რეგიონში, 14.4% – იმერეთში, 12.7% – შიდა ქართლში, 11% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო 25.4% – სხვა რეგიონებშია განთავსებული.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის IV კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 113.3 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 45.3% – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 44.8% – ღორი, ხოლო 9.1% ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 0.8%-ს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 316.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
სასაკლაოების მიერ 2022 წლის IV კვარტალში 14.1 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 39.1% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 40.4% – ფრინველის ხორცზე, 19.4% – ღორის ხორცზე, 1.2% – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 14.5 ათას პირს, საიდანაც 34.7% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 103 კაცი შეადგინა.
2022 წლის IV კვარტალში, ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 33.7 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 12.9 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური – 28.0 ლარი.