LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2025 წლისთვის, ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში – 9 ლარი, ექთნის კი 5.6 ლარი გახდება“ – რას გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია კლინიკებისთვის

161
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (2)

„2025 წლის პირველი იანვრიდან, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საერთაშორისო აკრედიტაცია სავალდებულო იქნება“ – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე ადამიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ ისაუბრა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე საუბარია მომსახურების ხარისხის, პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტებზე.

„რეფორმის მიზანია, სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების შეთავაზება და ამ ხარისხის უზრუნველყოფისთვის დამატებითი, მძლავრი მექანიზმების შექმნაა. საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის იქნება სავალდებულო,“ – აღნიშნა მან.

რაც შეეხება, 2023 წლიდან ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ოდენობის დაწესების საკითხს, როგორც ეკატერინე ადამიამ განმარტა, ახალი რეგულაციით ხელფასის ზრდა 9 000-მდე ექიმსა და 8 000-ზე მეტ ექთანს შეეხება.

„ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.

რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს.

ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვარი, მომდევნო წლებში ეტაპობრივად გაიზრდება. 2025 წლისთვის, ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში – 9 ლარი, ექთნის კი 5.6 ლარი გახდება,“ – აღნიშნა ეკატერინე ადამიამ „ფორტუნას“ ეთერში და დასძინა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასაქმებულის მოტივაციისა და პროდუქტიულობის გაზრდას, ასევე გააუმჯობესებს დასაქმებულთა სამუშაო პირობებსა და სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

იხილეთ ვრცლად:

რა საერთაშორისო სტანდარტები დაინერგება სამედიცინო დაწესებულებებისთვის – სახალხო პლატფორმა