LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენტაგონის ცნობით, აშშ საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას ზრდის – შეერთებული შტატების და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის მთავარი გზავნილები

124
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რისკის მიხედვით შეფასებული გადახდის გრაფიკი დავამტკიცეთ, რათა საქართველომ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს,“ – პენტაგონის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომელმაც საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს პენტაგონში უმასპინძლა.

პენტაგონის ცნობით, იანვარში თავდაცვის დეპარტამენტმა კონგრესს საქართველოსთვის 33 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების შესახებ აცნობა.

მინისტრებმა განიხილეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები.

 

 

 

 

როგორც ლოიდ ოსტინმა განმარტა, საქართველო უკრაინის თავდაცვის იმ საკონტაქტო ჯგუფის ნაწილია, რომელიც 20 იანვარს გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე შეხვდა.

„დღევანდელ შეხვედრას წინ უსწრებდა რამდენიმე კვირის წინ, რამშტეინში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მნიშვნელოვანი შეხვედრა. საქართველოს მონაწილეობა საკონტაქტო ჯგუფში გვეხმარება გავაძლიეროთ უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი და გააძლიეროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ველა ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავს. და ეს გადამწყვეტია, რადგან უკრაინა აგრძელებს ბრძოლას და გაბედულად იბრვის რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის წინააღმდეგ. ასე რომ, მოუთმენლად ველი დღეს მნიშვნელოვან დისკუსიას და რაც მთავარია, ველოდები ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას,“ – განაცხადა შეხვედრის დაწყებისას აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

პენტაგონის ინფორმაციით, ლოიდ ოსტინმა დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მზადყოფნა, განაგრძოს საქართველოს დახმარება შეკავების და თავდაცვის პოტენციალის გასაძლიერებლად.

თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნის თავდაცვისთვის „უაღრესად მნიშვნელოვანია“. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ქართველი სამხედროების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილება, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა.

მინისტრმა აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება.

„ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას, საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს, რომლებსაც ერთად ვიცავთ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები, ამაყად მსახურობდნენ შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების ერების გვერდით, ყველაზე საშიშ წერტილებში. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, ერთად განვიცადეთ დანაკარგები და ერთად გავუძელით ამას და ამან ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაამყარა.

საქართველო არის აშშ-ის სანდო მოკავშირე და მთავარი პარტნიორი, როგორც რეგიონული, ისე გლობალური თვალსაზრისით. ერთიანობა არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღეს, როდესაც მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატიული სამყაროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი გამოწვევას ეწინააღმდგება, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიებისა და უკრაინის გაუმართლებელი, უკანონო და სასტიკი ოკუპაციის გამო“. – თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.