“ნაციონალური მოძრაობის” წევრები, აკაკი მინაშვილი და გიორგი კირთაძე ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრობაზე უარს აცხადებენ.
აღნიშნულის შესახებ მათ სოციალურ ქსელში პოსტები გამოაქვეყნეს.
“პოლიტიკაში ყველა პარტიულ თანამდებობაზე მაღალი თანამდებობა – თანამოქალაქეების მხარდაჭერაა, რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ, რისთვისაც დიდი მადლობა თითოეულ მათგანს.
დღეს, იმ ყრილობაზე, რომელზეც არავის მივუწვევივარ, პოლიტსაბჭოს წევრად ამირჩიეს ისე, რომ ჩემთვის აზრი არავის უკითხავს
ბუნებრივია, არ ვაპირებ ვიყო იმ ორგანოს წევრი, რომლის დაკომპლექტების წესი, საჯაროობა და გამჭვირვალობა ძალიან დიდი კითხვითი ნიშნის ქვეშ დგას.
#თავისუფლებამიშას
#თავისუფლებანიკას”, – წერს გიორგი კირთაძე.
იხილეთ აკაკი მინაშვილის პოსტი:
“მარტივად და პირდაპირ – უარს ვამბობ ვიყო დღევანდელი “ყრილობის” მიერ დამტკიცებული ” პოლიტიკური საბჭოს” წევრი.
სულ რამდენიმე დღის წინ ნაციონალურ მოძრაობაში ჩატარდა უპრეცედენტოდ დემოკრატიული, მონაწილეობითი და მაღალი ლეგიტიმაციის არჩევნები ( 42 ათასმა მხარდამჭერმა მიიღო მონაწილეობა. სხვათა შორის, ლევან ხაბეიშვილის გუნდი თავდაპირველ ეტაპზე არჩევნების “ვიწრო წრეში” ჩატარების იდეით გამოდიოდა).
ხაბეიშვილის გუნდი მხარდამჭერებს პირდებოდა ფართომასშტაბიან არჩევნებს ყველა დონეზე. არადა, სულ რამდენიმე დღე დასჭირდათ მათ, ფეხქვეშ გაეთელათ როგორც საკუთარი დაპირება, ისე დემოკრატიულობის ის პრეცედენტი, რაც თავმჯდომარის არჩევნებში გამოიხატა და რის შემდეგაც ნიკა მელიამ ახალ თავმჯდომარეს მიულოცა და წარმატება უსურვა.
პოლიტური საბჭო პარტიის მთავარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. აქ მიმდინარეობდა სხვადასხვა საკითხების აქტიური განხილვა და დისკუსია , მუდმივად იყო განსხვავებულ, კრიტიკულ პოზიციებზე კამათი და მსჯელობა. სწორედ ამიტომ, მხოლოდ რამდენიმე ასეული წევრის მიერ დანიშნულ ერთ პოზიციაზე მყოფ კლუბად გარდასახულ “პოლიტიკური საბჭოს” ლეგიტიმაცია არის ნულის ტოლი.
აქ არ არის საუბარი პარტიაში პოლიტიკურ თანამდებობებზე. გავითვალისწინეთ რა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების ნება, ჩვენ ჩვენი ინიციატივით დავტოვეთ სამდივნო. ანალოგიურად უნდა მოქცეული ახალი მენეჯმენტიც და მხედველობაში მიეღო ამომრჩევლის დაკვეთა – უნდა ჩაეტარებინა პოლიტსაბჭოს მონაწილეობითი და რეალური არჩევნები ღიად და საჯაროდ, ან მინიმუმ 40%-ის პოზიცია უნდა გაეთვალიწინებინა ამ “პოლიტსაბჭოს” შემადგენლობაში.
თავმჯდომარის და გენ. მდივნის “ხუთ კაციანი კვოტა” საერთოდ ანომალიაა დემოკრატიული პროცესისთვის.
სამწუხაროა, როდესაც ასეთი ფორმით იწყებს საქმიანობას პარტიის “ახალი” მენეჯმენტი. თან როდის – საარჩევნო პერიოდში პრეზიდენტ სააკაშვილის უმოკლეს ვადებში გათავისუფლების უმოქმედობას გვპირდებოდნენ და ბოლო სასამართლოს წინა დღეს ნაციონალური მოძრაობის ათიათასობით მხარდამჭერის ზურგს უკან პარტიაში პოზიციები გადაანაწილეს და და ახალი უსამართლობის კერა გააჩინეს.
კითხვის ნიშნები რომ არ გაჩნდეს – ვაგრძლებთ ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისათვის, პოლიტიკური დევნის დასასრულებლად და ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად, რასაც პარტიული პოზიციები ჩვენთვის არასოდეს განსაზღვრავდა”, – წერს აკაკი მინაშვილი.
ცნობისთვის, 5 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ასევე პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი აირჩიეს.
„ენმ“-ს ახალი ოფისი ექნება – 24-საათიან რეჟიმში ვიწყებთ მუხლჩაუხრელ მუშაობას: ლევან ხაბეიშვილი