რეგულარული NBA-ს მორიგ თამაშში ქართველი ფაჩულიას “დალასმა” 96:110 წააგო ”მემფისთან”. თუმცა, ჩვენთვის სასიხარულოა ის, რომ ქართველი ცენტრი ორმაგი დუბლების სერიას განაგრძობს და სეზონის მე-15 მატჩში პირად ანგარიშზე მე-9 დაბლ-დაბლი ჩაიწერა.
ამით ზაზამ ორმაგ დუბლებში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ახლა მის წინ მხოლოდ დეტროიტელი ანდრე დრამონდი (13) და ოკლაჰომელი რასელ ვესტბრუკი (10) არიან.
თუკი ასეთი წარმატებით გააგრძელებს თამაშს, ქართველ ცენტრს ნბა-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში თამაშის რეალური შანსი აქვს.
ფაჩულიამ მემფისში სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 28 წუთი გაატარა. ზაზამ 6-დან 2 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. 13 ქულას მან 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა.
“დალას მავერიკსს” 9 მოგება და 6 მარცხი აქვს და “ოკლაჰომასთან” ერთად მე-3-4 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 26 ნოემბერს, სან ანტონიოში ელის.