საქართველოში 2022 წელს 10 822 სამშენებლო ნებართვა გაიცა, წლიური ზრდა 7.2%-ია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
უწყების ცნობით, გასულ წელს გაცემული ნებართვები, ქვეყნის მასშტაბით 7 421.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს, რაც 2021 წელთან შედარებით, 0.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
საქსტატის თანახმად, ნებართვების 77.2% ქვეყნის 4 რეგიონზე გადანაწილდა. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 51.9% მოდის თბილისზე, 10.5% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.4% – ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.4% – იმერეთის რეგიონზე.
2022 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. საქსტატის ინფორმაციით, გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილი იყო მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.
2022 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 2 661.7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 51.3%-ით მეტი) 2 654 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 13.1%-ით მეტი).
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი ქვეყნის 4 რეგიონზე მოდიოდა. კერძოდ, 36.6% თბილისზე, 11.8% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.2% – კახეთის რეგიონზე და 9.1% – იმერეთის რეგიონზე.