„ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისა და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს, რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილს, მის ჯანმრთელობასა და გადარჩენას“, – ეს განცხადება გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებულმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საქალაქო სასამართლოს შენობასთან, სადაც დღეს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესია ჩანიშნული.
„დღეს, აქ ამ სასამართლოზე სხვა განცხადებას არ და ვერ გავაკეთებ, 14:00 საათზე სპეციალურ ბრიფინგზე ვისაუბრებთ მე და ჩემი გუნდი არჩვებზე“, – განაცხადა მან.
კითხვაზე, სად გაიგო გამარჯვების თაობაზე, განაცხადა: „გზაში ვიყავი, პრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლოზე მივდიოდი..“
შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58% (21 656 ხმა) მიიღო. შიდაპარტიული არჩევნების შედეგები პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ გამოაცხადა.
მეორე ადგილზე ნიკა მელია გავიდა (40%, 16 476 ხმა), მას მოსდევენ ნონა მამულაშვილი (3.73%, 1537 ხმა) და გიორგი მუმლაძე (3.68%, 1516 ხმა).
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ არჩევნებში სულ 49 638 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა კი, 41 264-მა მათგანმა მიიღო.