17 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემა „არტ-FM“ ბუბა კიკაბიძის ხსოვნას მიეძღვნა. ცნობილმა ხელოვანებმა, მისი შემოქმედება და მასთან ერთად გატარებული წლები გაიხსენეს.
სოფო ნიჟარაძე
პირველ რიგში, უზარმაზარ გულისტკივილს გამოვხატავ, რადგან მართლაც ლეგენდარული ადამიანი დავკარგეთ. ბატონი ბუბა არა მხოლოდ გენიალური არტისტი, არამედ არაჩვეულებრივი ადამიანი და მეგობარი იყო. სოლიდური ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მაინც უახლოეს მეგობრად ვთვლიდი, რადგან საოცრად უშუალო ადამიანი იყო ბრწყინვალე იუმორის გრძნობით. რამდენიმე თვის წინ ბათუმში მოწყობილ საღამოს გავიხსენებ, როცა ავადმყოფობის მიუხედავად, მაინც საოცარ ფორმაში იყო და ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა უზარმაზარი კონცერტი. ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იყო მის პროექტებში მონაწილეობა, პირველად „ვერის უბნის მელოდიებში“ გავუწიე პარტნიორობა, თუმცა ყველა კონცერტში სიამოვნებით უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვიღებდი მის მიწვევას.
სამწუხაროდ, თბილისში დაგეგმილი ბოლო ორი კონცერტი გაუქმდა, რაც ძალიან არ მესიამოვნა, რადგან მივხვდი, რომ ყოველთვის ენერგიულს და შემართულს მხოლოდ ჯანმრთელობის დამძიმების შემთხვევაში შეეძლო კონცერტზე უარის თქმა. თუმცა, მჯეროდა, რომ გამოკეთდებოდა და გაზაფხულზე აუცილებლად მოაწყობდა დაპირებულ საღამოებს. მძიმე დანაკარგის მიუხედავად, ბუბა კიკაბიძე მაინც მარადიულია, რომლის სიმღერებმა და ფილმებმა ათწლეულების გამოცდას გაუძლო და სამუდამოდ იცოცხლებენ.