ამბროლაურში ამფითეატრის მშენებლობის პროექტირება დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
“პროექტის განხორციელების მიზნით მიმდინარეობს ფინანსური რესურსის მოძიება, რომლის შემდგომაც გურგენიძის ქუჩის მიმდებარედ, ე.წ. ,,ქვაბტკრის“ ტერიტორიაზე ამფითეატრის მშენებლობა დაიგეგმება, რომელიც მომავალში რაჭის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ობიექტი გახდება.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საგამოფენო დარბაზის, სცენის, საპარკინგე სივრცისა და სხვა დამხმარე ნაგებობების მშენებლობა, ასევე მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
ამფითეატრი ყოველწლიურად უმასპინძლებს სხვადასხვა ღონისძიებებს, ფესტივალებსა და გალა-კონცერტებს, რაც ხელს შეუწყობს ქართველი და უცხოელი ტურისტების ნაკადის ზრდას და მათთვის ხელსაყრელი გარემოს შეთავაზებას. ეს ყველაფერი დადებითად აისახება ტურიზმის სფეროს განვითარებასა და რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე”, – აღნიშნულია გოჩა ენუქიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.