„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ თბილისში „თავისუფლების მეტროსთან“ ჩართული რუსული მუსიკის გათიშვის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მისი თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა, როცა ის რუსთაველის გამზირზე მიდიოდა.
„თავისუფლების“ მეტროს მიმდებარედ რომ უკრავენ ხოლმე მუსიკას, მაგ ადგილას მოვდიოდი. ჩართული იყო რუსული „თრეში“, არც ჩაიკოვსკი იყო და არც რახმანინოვი. ჩემი აზრით, ყოვლად შეუფერებელი და მიუღებელია განსაკუთრებით დღევანდელ კონტექსტში.
მივედი იმ პიროვნებებთან, ვინც იყვნენ აპარატურასთან და ვუთხარი, რომ ეს სირცხვილია და მათ აგრესიულად მიპასუხეს, შემდეგ კიდევ ვუთხარი, რომ სირცხვილია და ბოლოს უბრალოდ ავდექი და კაბელი გამოვაერთე, გავთიშე მუსიკა და გავაგრძელე გზა, სულ ეს იყო. რომ გავაგრძელე გზა ეს პიროვნება დამეწია და მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ გამოვერიდე, კიდევ დამეწია და მერე ვუთხარი, თუ არ გაჩერდები ახლა პოლიციაში შევალ-მეთქი და კიდევ აგრძელებდა.
გადავწყვიტე, რომ მიმეცა რეაგირება და შემოვედი პოლიციაში. ახლაც აქ ვარ და გადავწყვიტე, რომ მივცე მსვლელობა“, – განუცხადა გიორგი კანდელაკმა „ინტერპრესნიუსს“.
თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.