LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაძვირება არ იგეგმება” – როდემდე შენარჩუნდება პურის ფასი 

152
bread 1

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განმარტებით, რუსეთის მხრიდან მარცვლეულის ექსპორტის გაძვირების მიუხედავად, საქართველოში პურის ფასი 2023 წლის მარტამდე არ შეიცვლება.

როგორც სილაგავამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, 2022 წლის ბოლოს შემცირებული საბაჟო გადასახადის შედეგად, ქვეყანაში ხორბლისა და ფქვილის გარკვეული მარაგები შეიქმნა.

მისივე ინფორმაციით, თუ 11 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით რუსეთიდან ერთი ტონა ხორბლის საექსპორტო ფასი ტონაზე 65 დოლარია დაწესებული, დეკემბერში საბაჟო გადასახადი 40 დოლარის ფარგლებში იყო, რამაც ქართველ იმპორტიორებს მარცვლეულის მარაგების გაკეთების საშუალება მისცა.

„რუსეთში არის ძალიან დიდი ხორბლის მოსავალი, შესაბამისად, ეს ცოტა კონტექსტიდან ამოვარდნილი გაძვირება იყო და უფრო დაკავშირებული იყო რუბლის გაუფასურებასთან. ეს რაც შეეხება ექსპორტის გადასახადს. რაც შეეხება საქართველოს, ამ ეტაპზე, მარაგების კუთხით, ჩვენ სტაბილურობა გვაქვს, ვინაიდან ჯერ კიდევ ერთი თვის წინ საბაჟო გადასახადი დაკლებული იყო და შესაბამისად, მაშინ წისქვილკომბინატებმა შემოიტანეს მარაგები. საერთოდ, ისტორიულად, ახალი წლის წინ უფრო მეტი რაოდენობის ხორბალს იმარაგებენ ხოლმე ქვეყნები, მათ შორის ჩვენც, შესაბამისად, ხორბალიც და ფქვილიც დღესდღეობით გვაქვს საკმაოდ კომფორტულ ფასად და ამ ფასით მუშაობა გაგრძელდება დაახლოებით მარტის თვემდე. შემიძლია გითხრათ, რომ ფასის მხრივ მარტის თვემდე სტაბილურობა იქნება შენარჩუნებული როგორც ფქვილზე, ისე პურზე. კიდევ ერთხელ, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ძველი შემოტანილი ხორბლის და მათი ფასის მიხედვით, პურის გაძვირება არ იგეგმება“, – აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან ლევან სილაგავამ.