იმერეთის გუბერნატორი მოსახლეობას მიმართავს, ამაღამ თავი შეიკავონ პიროტექნიკის გამოყენებისგან, რადგან ქარის გამო ხანძრის საფრთხე არსებობს. რეგიონში სტიქია უკვე მეოთხე დღეა გრძელდება. იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძის განცხადებით, დღეისათვის 600-მდე შენობაა დაზიანებული და ამ ეტაპზე 150-მდე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მისივე თქმით, პრობლემებია გაზისა და წყლის მიწოდების კუთხითაც.
ზვიად შალამბერიძის თქმით, იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად გამოწვეული ზიანის აღმოსაფხვრელად, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველა სახის სამუშაოები მოკლე დროში ხორციელდება.
რა ხდება გზებზე – ბოლო ცნობები
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„შესაბამისი ჯგუფები, როგორც აქამდე, ახლაც პრობლემების აღმოფხვრაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. რაც შესაძლებელია, ყველა სახის სამუშაოებს მოკლე დროში ვახორციელებთ. აქვე, მინდა, მივმართო ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით იმერეთის მოსახლეობას, და ვთხოვო, რომ დღეს, ღამით მაქსიმალურად ყველამ შევიკავოთ თავი პიროტექნიკის გამოყენებისგან.
იცით, რომ ქარი ძლიერია, ძალიან ბევრი შენობის სახურავია გადახდილი და არის საშიშროება, წარმოიქმნას ხანძრები. გთხოვთ, გავითვალისწინოთ და ნუ მივაყენებთ ზიანს ერთმანეთს“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.