3-4 ოქტომბერს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ”გაიცანი საქართველოს” კამპანიის ფარგლებში მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის პრესტური გაიმართა. პროექტის მიზანია მეტმა თანამოქალაქემ დაიწყოს მოგზაურობა საქართველოში და გაეცნოს სხვადასხვა კუთხეს.
პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა მოინახულეს პრომეთე მღვიმე, რომელიც ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა, აქ ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, ჰელიქტიტებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს. მღვიმის ფართობია 46,6 ჰა.
”პრომეთეს მღვიმე” სხვა მღვიმეებისგან განსხვავებით განიერი კორიდორებით ხასიათდება. მაქსიმალური სიგანე 25-30 მ-ია, ჭერის სიმაღლე 20-25 მ, ზოგიერთი დარბაზის სიგრძე 80-100 მ-ს აღწევს. აქ 17 სხვადასხვა ზომის დარბაზია. მღვიმეში არსებული ბილიკის სიგრძე 1,420 მეტრია, ხოლო ჯამური სიგრძე 20 000 მეტრს შეადგენს. მღვიმეს აქვს ორი გასასვლელი: ერთი ბოლოვდება მდინარით, რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი, მეორე გასასვლელი კი საფეხმავლოა და მღვიმის დარბაზიდან გარეთ გამოვყავართ. მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
პრომეთეს მღვიმე დაკეტილია ორშაბათობით. ვიზიტისას თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სტუდბილეთი ან პედაგოგის მოწმობა, რათა მოხდეს ფასდაკლება ბილეთებზე.
5 წლამდე ასაკის ბავშვები მღვიმეში არ დაიშვებიან.
ბილეთის შეძენა შესაძლებელია დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე და მისი ღირებულება 7 ლარს შეადგენს.
მედიის წარმომადგენლებმა ასევე მოინახულეს წყალტუბოს აბაზანებიც. წყალტუბო მრავალმხრივი კურორტია და განსაკუთრებით განთქმულია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით.
კურორტის უნიკალური მინერალური წყლები გამოირჩევიან საკმაოდ მდგრადი ფიზიკო-ქიმიური თვისებებით. წყლებს მაღალეფექტური სამკურნალო პროფილაქტიკური მოქმედება გააჩნია. სპეციალისტთა თქმით, წყალტუბოს წყლით მკურნალობენ: გულსისხლძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვიული სისტემის, გინეკოლოგიური, კანის, ენდოკრინულ დაავადებებს, ნივთიერებათა ცვლის მოშლასა და სხვა.
”ბალნეოსერვისი”-ს მეექვსე სააბაზანო შენობა ყველაზე დიდი და უახლესი თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი. ის უშუალოდ წყაროზეა აგებული. მასში მოთავსებულია რამდენიმე აუზი და ათეულეობით ინდივიდუალური კაბინა-აბაზანა. მკურნალობა აუზებსა და კაბინა-აბაზანებში მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყლით, რითაც წყალი მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკო-ქიმიურ თვისებებს, ერთგვაროვნებასა და ტემპერატურას.
სამკურნალოდ გამოიყენება კომპლექსური სამკურნალო პროცედურები: მინერალური წყლის აბაზანები; წყალქვეშა (ჰიდრო) მასაჟი. სამკურნალო ფიზკულტურა აუზსა და დარბაზში, კლასიკური სამკურნალო მასაჟი, ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვა წყალში, ფიზიოთერაპია, გინეკოლოგიური ირიგაცია. შხაპი ”მარკო”, მექანოთერაპია, სამკურნალო ტალახის აპლიკაციები და სხვა.
წყალტუბოს შემდეგ მედია ტური საირმეში გაგრძელდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში ის მიიჩნეოდა VIP პერსონების უნიკალურ, სამკურნალო კურორტად. ახლახან კურორტმა სრული რესტავრირება და მოდერნიზაიცია გაიარა.
საირმე ნოტიო სუბტროპიკულ ოლქს მიეკუთვნება, ჰავა რბილია და ზომიერი – ზამთარი შედარებით თბილი, ზაფხული კი – გრილი. კურორტზე თბილი პერიოდი 5 თვე გრძელდება.
საირმე ერთ-ერთია მესხეთის ქედის ცნობილ კურორტებს შორის და სამხრეთ-აღმოსავლეთით ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკს უკავშირდება. ამ მიდამოებში მრავალი უძველესი ეკლესია-მონასტერია, რაც ბუნების მშვენიერებასთან ერთად არაჩვეულებრივ გარემოს ქმნის ტურიზმის განვითარებისათვის.
სამკურნალო წყლები კურორტზე, გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების მკურნალობისას, მათ შორის – თირკმელების პათოლოგიისას, შარდსასქესო სისტემის ანთებისას, ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების, ღვიძლსა და ნაწლავების ანთებისას.
ტურიზმის ადმინისტრაციის პროექტი ”გაიცანი საქართველო” მომავალშიც გაგრძელდება. შიდა ტურიზმის განვითარების მიზნით ღონისძიებებში ცნობილი სახეებიც არიან ჩართული, რომლებიც ყველას მოუწოდებენ, რომ მოგზაურობა საკუთარი ქვეყნიდან დაიწყონ და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს ეწვიონ.